Loading data...
„მგონია, რომ ლიონი გაცილებით მეტს მიაღწევს, თუკი სასტარტო შემადგენლობაში მიქაუტაძეს ვიხილავთ“ - ლიგა 1-ის ანალიტიკოსი

ფრანგული სერია A-ს ანალიტიკოსი ვალიდ აშერშური გამოეხმაურა „ლიონისა“ და პარი სენ-ჟერნენის დაპირისპირებას, რომელშიც გამარჯვება ამ უკანასკნელს ხვდა (3:1), თუმცა, „ლიონის“ ქართველმა შემტევმა გიორგი მიქაუტაძემ გუნდს პრესტიჟის გოლი მოუტანა და თავი კარგი თამაშით გამოიჩინა.

ეს, ფრანგ ანალიტიკოსს შეუმჩნეველი არ დარჩენია და ივარაუდა, რომ 6-თვიანი საადაპტაციო პერიოდის შემდეგ, გიორგი მიქაუტაძე 2025 წელს ამ გუნდში გაიბრწყინებს.

როგორც ვალიდ აშერშური წერს, მისი აზრით, სწორედ მიქაუტაძის სასტარტოში დამკვიდრება იქნება „ლიონისთვის“ წარმატების გასაღები.

„მისმა პერფორმანსმა პარკ დე პრენსზე აღმაფრთოვანა. ის ძალიან კარგად და ძლიერად გამოიყურებოდა მაშინაც კი, როდესაც პირველ ტაიმში „ლიონს“ არაფერი გამოსდიოდა. მან გასაოცარი გოლი გაიტანა და ისევე, როგორც ჩერკი (ქართველის თანაგუნდელი რაიან ჩერკი), მეც გაკვირვებული დავრჩი, როცა შეცვალეს. მას განსაკუთრებული იმპულსები აქვს და ვფიქრობ, რომ 2025 სწორედ მისი წელი იქნება. 

ლაკაზეტს არაფერს ვერჩი, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თუ „ლიონს“ სურს ტემპს მოუმატოს, ეს  სასტარტო შემადგენლობაში მიქაუტაძის დაყენებით უნდა გააკეთოს. მისი ტექნიკური დონე, ბურთის მოპოვებისაკენ მისი სწრაფვა, მისი ურთიერთქმედება ჩერკისთან - ისინი თვალდახუჭულიც აგნებენ ერთმანეთს. მიქაუტაძის ეტაპობრივი ინტეგრაცია „ლიონში“ გადასვლიდან პირველი 6 თვის განმავლობაში, მას საშუალებას მისცემს, ~ 2025 წელს აფეთქდეს“, - ამბობს ანალიტიკოსი.