Loading data...
მერაბ დვალიშვილი: იმედი მაქვს, ყველას გაათავისუფლებენ, არავის ვუჩივლებ - მადლობა ყველას სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა და მოჭიდავე საბა ლაზიშვილმა აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვეს.

მერაბ დვალიშვილმა მომხდართან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.

„მინდა, ყველას გაგაგებინოთ, რომ გამათავისუფლეს, კარგად და ჯანმრთელად ვარ. მსურს, მადლობა გადავუხადო აბუ-დაბიში ყველას, ვინც ამ საკითხის მოგვარებაში დაგვეხმარა. მიყვარს აბუ-დაბიში სტუმრობა და მიხარია, რომ აქ ასე თბილად მიღებენ. იმედი მაქვს, რომ ყველას გაათავისუფლებენ, მე არავის ვუჩივლებ. მშვიდობა და ყოველივე საუკეთესო მინდა ყველასთვის. მადლობა ყველას სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის“, - წერს მერაბ დვალიშვილი Facebook-ზე.

ცნობისთვის, 11 ნოემბერს აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მერაბ დვალიშვილს ინტერვიუს დროს უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად თავს დაესხა. ინციდენტის დროს მერაბთან ერთად საბა ლაზიშვილი იმყოფებოდა. მომხდართან დაკავშირებით ადგილობრივმა პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა.