„ლივერპული“ მზადაა, მთავარი მეკარე ალისონ ბეკერი გაყიდოს, რომ მამარდაშვილს ადგილი გაუთავისუფლოს - Liverpool FC ON SI
„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი არნე სლოტი მზადაა, ზაფხულში კლუბის პირველი მეკარე ალისონ ბეკერი და მისი ძირითადი შემცვლელი კივინ კელეჰერი გაყიდოს, რომ ახლად შეძენილ გიორგი მამარდაშვილს 2025 წლისთვის ადგილი გაუთავისუფლოს. ამის შესახებ ინფორმაციას TBR Football-ზე დაყრდნობით Liverpool FC ON SI ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მას შემდეგ, რაც ალისონმა ერთ-ერთ მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო, ბოლო შვიდი თამაშის გამოტოვება მოუხდა და მას ძირითადად კივინ კელეჰერი წარმატებით ცვლიდა.
„მიუხედავად იმისა, რომ ორივე მეკარემ გადამწყვეტი როლი ითამაშა ბოლო სეზონებში კლუბის წარმატებაში, TBR Football იუწყება, რომ „ლივერპული“ ღიაა 2025 წელს ალისონისა და კელეჰერის გასაყიდად. „წითლები“ დარწმუნებული არიან, რომ ამ ზაფხულს ალისონით რამდენიმე გუნდი დაინტერესდება, ხოლო კელეჰერს კლუბმა აცნობა, რომ საშუალება ექნება, „ლივერპული“ მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვოს. სავარაუდოდ, მამარდაშვილთან დამატებითი მოლაპარაკებები შედგება, რომ მისი უახლოესი მომავალი შეაფასონ და განიხილონ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულმა“ მიმდინარე წელს, 37 მილიონ დოლარად შეიძინა, თუმცა 2025 წლის ზაფხულამდე იჯარით „ვალენსიაში“ დატოვა.