ლაშა შავდათუაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა პირველი გამარჯვებები მოიპოვეს

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა ბულგარელი მარკ ხრისტოვი დამატებით დროში დაამარცხა და ტურნირის მერვედფინალში აზერბაიჯანელ მამადალიევს დაუპირისპირდება.
პირველი გამარჯვება მოიპოვა ეთერ ლიპარტელიანმაც (57 კგ).
ქართველმა სპორტსმენმა სამხრეთკორეელი იუჰეე კიმი იპონით დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.
ლიპარტელიანის მეტოქე მეოთხედფინალში გასასვლელ შეხვედრაში, ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე დარია კურბონმამადოვა იქნება.
ტურნირზე წინასწარი ორთაბრძოლები თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყო, ხოლო ფინალური ბლოკის დაწყება 20:00 საათზეა დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო და საქართველოს ნაკრებს, ჯერჯერობით, მედალი არ მოუპოვებია.