Loading data...
კობა ჟორჟიკაშვილი: კვარაცხელია პსჟ-ში უფრო მრავალფეროვანი და პრაგმატული მოთამაშე გახდა, გუნდისთვის ბოლომდე იხარჯება

საქართველოს პირველი არხის გადაცემის, „საფეხბურთო ტაიმაუტის“ სტუმარმა კობა ჟორჟიკაშვილმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩებსა და ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე ისაუბრა.

„ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ გასვლას ველოდი, რადგან ამ მიზნისკენ გუნდი წლების განმავლობაში მიდიოდა. იხარჯებოდა ფინანსები, იცვლებოდნენ ფეხბურთელები და მწვრთნელები და, როგორც ჩანს, მწვრთნელის, ლუის ენრიკეს სახით, ოპტიმალურ ვარიანტს მიაგნეს, რომელმაც გუნდი გააერთიანა. ამავე დროს, მან მოახერხა შემადგენლობის დაბალანსება, რადგან არ შეიძლება, ამ ეტაპზე გუნდს სუსტი წერტილი ჰქონდეს. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის სხვა მონაწილეებს ამ კუთხით გარკვეული პრობლემები ჰქონდათ.

ლუის ენრიკეს დიდი დამსახურებაა, რომ კვარაცხელიამ მოკლე დროში მოახერხა პსჟ-ში ინტეგრირება. „ნაპოლის“ შემდეგ ხვიჩა უფრო თავისუფალი გახდა, გუნდისთვის ბოლომდე იხარჯება, დაცვაში უფრო მეტი „შავი სამუშაოს“ შესრულება უწევს და შეტევებისთვის ნაკლები დრო რჩება.

კვარაცხელიამ იგრძნო, რომ ლუის ენრიკე ენდობა, რაც ნებისმიერ საქმეში უმნიშვნელოვანესია. როცა გენდობიან, ბოლომდე იხარჯები და მეტი სტიმული გაქვს.

ხვიჩამ ამ ეტაპზე თავისი ინდივიდუალური თამაში გვერდზე გადადო და ეს მნიშვნელოვანია. ამას გარდა, პოზიციების ხშირმა ცვლამ მისი თამაში უფრო მრავალფეროვანი და პრაგმატული გახადა“, - განაცხადა კობა ჟორჟიკაშვილმა.