კახა კალაძე: ჩვენს ეროვნულ ნაკრებს აქვს შესაძლებლობა, კიდევ გაიზარდოს და კიდევ უფრო მაგარი ფეხბურთი აჩვენოს

ჩვენ დღეს განსხვავებულ, ამაყ საქართველოში გავიმარჯვეთ, რომელმაც იცის გამარჯვების გემო. რა თქმა უნდა, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობა, კიდევ გაიზარდოს, კიდევ უფრო მაგარი ფეხბურთი აჩვენოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კახა კალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ნაკრების გამარჯვება საბერძნეთთან მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია და რომ არა მშვიდობა, ეს შედეგი არ იქნებოდა.
„ეს არ იყო უბრალოდ ერთი თამაშის მოგება. შეიძლება, საბერძნეთს რომ მოეგო, მათთვის ყოფილიყო ერთი რიგითი თამაშის მოგება, რადგან ისინი ევროპის ჩემპიონატზე ბევრჯერ გასულან, ბევრჯერ უთამაშიათ, მაგრამ ჩვენთვის იყო განსაკუთრებული, ხვალინდელი საქართველოსთვის იყო უმნიშვნელოვანესი გუშინდელი გამარჯვება. ჩვენ დღეს განსხვავებულ, ამაყ საქართველოში გავიმარჯვეთ, რომელმაც იცის გამარჯვების გემო, იცის წარმატების გემო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული წლები გამოვიარეთ, უამრავი პრობლემა გვქონდა, დაწყებული 90-იანი წლებიდან მოყოლებული, უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. დღესაც ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ქვეყანა, მშვიდობა შევინარჩუნოთ. რომ არა მშვიდობა, რომ არა სიმშვიდე ეს შედეგიც არ იქნებოდა.
ამიტომ იმასაც მნიშვნელობა აქვს, ხელისუფლება რა პოლიტიკას ატარებს, როგორი დამოკიდებულება აქვს სპორტის მიმართ, როგორი მიდგომები აქვს ქართული ფეხბურთის მიმართ და, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი აუცილებლად მოიტანს შედეგს. რა თქმა უნდა, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობა კიდევ გაიზარდოს, კიდევ უფრო მაგარი ფეხბურთი აჩვენოს. ეს ჩვენ, ქართველებს, გენში გვაქვს - სპორტი, ფეხბურთის თამაში. ძალიან ნიჭიერი ხალხი ვართ, უბრალოდ, კიდევ უფრო მეტად უნდა ვირწმუნოთ საკუთარი თავის, უნიჭიერესები ვართ“, - განაცხადა კახა კალაძემ.