ინგლისის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა
ინგლისის ნაკრებმა საფრანგეთის გუნდი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილისთვის ბრძოლაში დაამარცხა. შეხვედრა ანგარიშით 6:4 დასრულდა. ეს ინგლისის ნაკრების საუკეთესო შედეგია ტურნირზე 1966 წლის შემდეგ, როდესაც ინგლისელებმა ჩემპიონატი მოიგეს.
ინგლისელებმა ანგარიში უკვე მე-3 წუთზე, ნახევარმცველ დეკლან რაისის გოლით გახსნეს. მე-18 წუთზე მცველმა ეზრი კონსამ გუნდის უპირატესობა გააორმაგა. ამის შემდეგ თავი ორჯერ გამოიჩინა ბუკაიო საკამ: ვინგერმა 37-ე და 45+1 წუთებზე გაიტანა და გუნდები შესვენებაზე ინგლისის სასარგებლოდ, ანგარიშით 4:0 გავიდნენ.
მეორე ტაიმში ფრანგებმა თამაშის შემობრუნებას სცადეს. 48-ე წუთზე კილიან მბაპემ გუნდის პირველი ბურთი გაიტანა, 6 წუთის შემდეგ კი ბრედლი ბარკოლამ სხვაობა ორ გოლამდე შეამცირა. 66-ე წუთზე მბაპემ დუბლი გააფორმა და ანგარიში 4:3 გახადა. თუმცა, 87-ე წუთზე საკამ პენალტი გამოიყენა და ჰეთ-თრიკი შეასრულა.
უკვე კომპენსირებულ დროში (90+6 წუთი) უსმან დემბელემ საფრანგეთის მეოთხე ბურთი გაიტანა, მაგრამ ბოლო სიტყვა მაინც ინგლისელებმა თქვეს: 90+8 წუთზე ჯუდ ბელინგემმა საბოლოო ანგარიში - 6:4 დააფიქსირა. ამ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ საკა დასახელდა.