ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა და UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა

ილია თოფურია UFC-ს მსუბუქი წონის (70კგ) ჩემპიონია. ლას-ვეგასში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა ბრაზილიის სახელით გამომსვლელი ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა.
თოფურია თავიდანვე კარგად ახერხებდა ოლივეირას ყველა ძლიერი იარაღის განეიტრალებას. საბოლოოდ, ქართველმა მებრძოლმა შეხვედრა პირველ რაუნდში ნოკაუტით მოიგო.
ილია თოფურია 2024 წლის თებერვალში ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ UFC-ს ქვემსუბუქი დივიზიონის (65კგ) ჩემპიონი გახდა. აღნიშნული ტიტული მან ოქტომბერში მაქს ჰოლოვეისთან შეხვედრაში დაიცვა. მიმდინარე წლის თებერვალში ქართველმა განაცხადა, რომ წონის კლების პროცესი მისთვის გართულდა და მსუბუქ დივიზიონში გადადიოდა, სადაც მხოლოდ სატიტულო ბრძოლას ჩაატარებდა.
ილია თოფურია შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 17 შეხვედრის შემდეგ დაუმარცხებელია, ხოლო უშუალოდ ორგანიზაცია UFC-ში ეს მისთვის ზედიზედ მეცხრე გამარჯვება იყო, მან შვიდი შეხვედრა ვადაზე ადრე მოიგო.
შედეგად, 28 წლის ქართველი მებრძოლი UFC-ის ორი დივიზიონის ჩემპიონია. თოფურია ორგანიზაციის ისტორიაში მე-10 სპორტსმენია, რომელმაც მსგავსი რამ შეძლო. აქამდე სხვადასხვა დივიზიონის ქამარი რენდი კუტურმა, ბი ჯეი პენმა, კონორ მაკგრეგორმა, ჯორჯ სენ-პიერმა, დანიელ კორმიემ, ამანდა ნუნეშმა, ჰენრი სეხუდომ , ჯონ ჯონსმა და ალექს პერეირამ მოიპოვეს.
შეგახსენებთ, რომ 8 ივნისს UFC-ის სუპერმსუბუქი (61კგ) წონის ქამარი ამერიკელ შონ ო’მალისთან გამარჯვების შემდეგ წარმატებით დაიცვა მერაბ დვალიშვილმა და ამჟამად მამაკაცთა შორის ორგანიზაციის რვა წონითი კატეგორიიდან ორის ჩემპიონი ქართველია.