ილია თოფურია: ეს გამარჯვება არა მარტო მე, არამედ მთელ საქართველოს ეკუთვნის
აბუ-დაბიში UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ ამერიკელი მაქს ჰოლოუეი მესამე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა.
როგორც თოფურია აცხადებს, მოპოვებული გამარჯვება მთელ საქართველოს ეკუთვნის და იმედოვნებს, რომ მას ბევრი ბავშვი მაგალითისთვის გამოიყენებს.
„მაგარი კაიფია ასე მოგება. შემოევლოს ჩემი თავი ქართველ გულშემატკივარს. მადლობა ყველას, ვინც ჩამოვიდა აქ ჩემს მხარდასაჭერად. ეს გამარჯვება არამარტო მე, არამედ მთელ საქართველოს ეკუთვნის და იმედია, ბევრი ბავშვი გამოიყენეს მაგალითად, აზრი არ აქვს საიდან მოდიხარ, თუ იცი, საით მიდიხარ, გაუმარჯოს საქართველოს.
სიმართლე რომ ვთქვა, გამარჯვების შემდეგ პირველი წამები ძალიან ემოციური მომენტი იყო, იმის მიუხედავად, რომ ეჭვი არასდროს მეპარებოდა, რომ ეგ მომენტი აუცილებლად დადგებოდა და პირველი გავხდებოდი, ვინც მაქსს დაანოკაუტებდა. თუმცა, როცა ეს რეალობა გახდა, ამაღელვებელი მომენტი იყო, უცებ ხვდები, რომ ერთ წელიწადში ვოლკანოვსკი და ჰოლოვეი დაანოკაუტე.
პირველ რაუნდში ფეხი მაგრად ვატკინე, ჭიდაობაც რომ ჩავრთე, უკვე აღარ იცოდა, ვეჭიდავებოდი თუ წიხლებით შევუტევდი, მეტის საშუალება მეძლეოდა და ვიცოდი, რომ მომენტი დადგებოდა.
სიმართლე გითხრათ, არანაირი განსხვავება არაა, ყოველთვის ასე ვგრძნობდი თავს შინაგანად, ჩემპიონად, დროის ფაქტორი იყო, რომ ეს ყველას გაეგო, ბევრი არაფერი შეცვლილა, ახლაც ისეთივე ვარ.
ყველაზე სარისკო პირველი 10 წამი იყო, მაგრამ იმასაც ველოდებოდი, რომ არ მიიღებდა ჩემს გამოწვევას და უფრო დისტანციიდან დამიწყებდა ბრძოლას, ასეც მოხდა. შემდეგ ჩემი გეგმა იყო, რომ ჭიდაობა, წიხლებიც ჩამერთო, რომ კარგად შემძლებოდა ჩემი კომბინაციების განხორციელება. ახლა ესპანეთში ვბრუნდები და მალე საქართველოშიც აუცილებლად ჩამოვალ.
არ მგონია, რომ ჩემი ძმის, ალექსანდრეს დებიუტი დეკემბერ-იანვარს გადასცდეს, უკვე მომზადებულია, შეუძლია ხვალვე იბრძოლოს, ძალიან კარგ ფორმაშია და იმედია, მალე დებიუტი ექნება“, - განაცხადა თოფურიამ.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია პირველი მებრძოლია, რომელმაც მაქს ჰოლოვეი ნოკაუტით დაამარცხა და მან ქამრის დაცვა მოახერხა.