Loading data...
GOAL ITALIA: სულ უფრო და უფრო კვარადონა ხდება! ოქროს ბურთზე ოცნება უტოპია აღარაა

Goal Italia-მ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ბაიერნის“ მატჩის (5:4) შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიაზე ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ კვარასთვის ოქროს ბურთის მოგება უტოპიური ოცნება აღარ არის.

„ის სულ უფრო და უფრო კვარადონა ხდება, ოქროს ბურთის მოგების ოცნება უტოპია აღარაა“, - ამ სათაურით სტატიას Goal Italia წერს

„გასული სეზონის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მოულოდნელი ტრანსფერი, რომელიც იმ დროს ორივე მხარისთვის იდეალური გამოსავალი ჩანდა. „ნაპოლიდან“ პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლამ უდიდესი გავლენა მოახდინა, მის კარიერაში ნამდვილი ევოლუცია: დღეს ის სრულყოფილი, უნივერსალური ჩემპიონია. ფეხბურთელი, რომელმაც უკვე დაამტკიცა, რომ უაღრესად ნიჭიერია, ახლა ოქროს ბურთის სერიოზული კანდიდატია, მიუხედავად იმისა, რომ მის საზიანოდ საქართველოს მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერმოხვედრამ შესაძლოა მისი ამბიციები შეაფერხოს.

კვარაცხელია შეუჩერებელია: უმაღლესი კლასის დუბლი „ბაიერნის“ წინააღმდეგ

ის აღარ არის უბრალო ჭანჭიკი ისეთ კარგად მოქმედ სისტემაში, როგორიც პსჟ-ს აქვს, არამედ საკუთარი ბედის ნამდვილი არქიტექტორი და წამყვანია, რომელსაც მისი თანაგუნდელები ეჭიდებიან. „პარკ დე პრენსზე“ „ბაიერნი“ იგებდა და უპირატესობის გაზრდასთან ახლოს იყო, მაგრამ ქართველის მცირედი მაგია საკმარისი აღმოჩნდა ანგარიშის გასათანაბრებლად, რამაც აჩვენა, რომ პარიზელების გასანეიტრალებლად გაცილებით მეტი იქნება საჭირო.

თამაში, დრიბლინგი, პასი, მაგრამ ასევე ბურთის გარეშე ბევრი მუშაობა, მუდმივი პრესინგი და მოედნის ყველა ზონაში ყოფნა: გარემარბის, ნახევარმცველის, შემტევი ნახევარმცველის და ფინიშერის თვისებების ნაზავი, რაც მეტყველებს ფეხბურთელზე, რომელიც უნივერსალურ ფეხბურთელად იქცა. თითქოს ეს არ კმაროდა, მეორე ტაიმში დუბლიც შეასრულა, რაც ნამდვილი ჩემპიონის დონის თამაშის გვირგვინი იყო.

ჩემპიონთა ლიგა მისი სცენაა

ყველას, ვინც ფიქრობს, რომ კვარაცხელია შემთხვევით გაბრწყინდა არალოგიკურ საღამოს, ძალიან ცდება. ჩემპიონთა ლიგის ბოლო 15 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. გადამწყვეტი რიცხვები, რითაც კიდევ ერთი ფინალისკენ მიიწევს, გასულ სეზონში ოცნების ფინალის შემდეგ, როდესაც, როგორც მთავარმა გმირმა „ინტერთან“ გამარჯვებაში (5:0) წვლილი შეიტანა.

იმსახურებს თუ არა ოქროს ბურთს?

პსჟ-ს მაისურით 75 მატჩში 26 გოლი და 17 საგოლე პასი გააკეთა, მათ შორის 20 ჩემპიონთა ლიგაზე, სწორედ მაშინ, როდესაც დაძაბულობა იზრდებოდა. ჩემპიონებიც ასეთი დეტალებით ამოიცნობიან. არა დაბალი რეიტინგის მქონე გუნდებთან ჰეთ-თრიქით და არც ერთჯერადი თამაშებით, რომელიც უღიმღამო თამაშებს ცვლის.

კვარა სტაბილურია, ტალანტი რომელიც დიდ მატჩებში ბრწყინავს. მაშ, რატომ არ უნდა გვჯეროდეს, რომ ოქროს ბურთის მოგება შეუძლია?

მისი ყველაზე დიდი უიღბლობა ისაა, რომ არ წარმოადგენს ეროვნულ ნაკრებს, რომელსაც შეუძლია მუდმივად იასპარეზოს დიდ ფორუმებზე. საქართველო მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატზე არ არის, მაგრამ რადგან ოქროს ბურთი ინდივიდუალური ჯილდოა: ცხადია, რომ ის მსოფლიო ფეხბურთის ელიტას მიეკუთვნება, ისეთი ფენომენების დონეზე, როგორებიც არიან დემბელე, ოლისე, ლამინ იამალი და მბაპე. დრო გვიჩვენებს, მაგრამ არჩეული მიმართულება უდავოდ სწორია“, - წერს Goal Italia.