Loading data...
გიორგი წიტაიშვილი: ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ესპანეთში თამაში იყო, ყველაფერს გავაკეთებ ნდობის გასამართლებლად

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი „გრანადაში“ მედიის წინაშე წარადგინეს.

ქართველმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ეცდება კლუბს ნდობა გაუმართლოს.

„ძალიან ბედნიერი ბედნიერი ვარ, რომ ამ კლუბის ნაწილი ვარ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ კლუბის ეს ნდობა გავამართლო. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოცნება იყო ესპანეთში თამაში. მომწონს კლუბის პროექტი, ჩემს მეუღლეს სახლი აქვს ესპანეთში, ჩემი შვილიც აქ დაიბადა, დასასვენებლად ესპანეთში დავდივართ. როდესაც „გრანადასგან“ შეთავაზება მივიღე, ყოყმანი არ დამიწყია, რადგან ეს ისტორიული კლუბია. ყველაფერს გავიღებ ამ კლუბის ღირსების დასაცავად.

ჩემი თამაშის სტილს ნახავთ, როცა სეზონი დაიწყება, არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ ძალიან მინდა ვაჩვენო, რისი უნარიც მაქვს. მარჯვენა ფლანგზე თამაში მომწონს, თუმცა მნიშვნელობა არ აქვს რომელ პოზიციაზე ვითამაშებ, რასაც მწვრთნელი მეტყვის, იმას გავაკეთებ. რამდენიმე თანაგუნდელი მყავს საქართველოს ნაკრებში, ვისაც ესპანეთში უთამაშია, ვიცი, რომ ისტორიულ კლუბში მოვედი. რატომ ვერ ვითამაშე კიევის „დინამოში“? წარსული არ მაინტერესებს, აწმყოზე ვარ კონცენტრირებული, იმაზე, თუ რა მოხდება ამ სეზონში“, - განაცხადა წიტაიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი წიტაიშვილი ესპანურ გუნდს იჯარით შეუერთდა. „გრანადა“ ესპანეთის ლა ლიგა 2-ის ბინადარია, შარშან ლა ლიგაში თამაშობდა, მაგრამ ბოლო ადგილზე გავიდა და დაქვეითდა. „გრანადა“ ლა ლიგა 2-ის პირველ ტურში 15 აგვისტოს, „ალბასეტეს“ უმასპინძლებს, მანამდე კი, ერთი ამხანაგური შეხვედრა აქვს დაგეგმილი „ალ-ვეჰდას“ წინააღმდეგ.