Loading data...
FIFA-მ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის უფლებების ნაწილის გაყიდვა გადაიფიქრა

მსოფლიო საფეხბურთო ფედერაციამ, (FIFA) კერძო ინვესტორებისთვის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის უფლებების ნაწილის გაყიდვა გადაიფიქრა. ეს გადაწყვეტილება FIFA-მ მას შემდეგ მიიღო, რაც ევროპული საფეხბურთო ასოციაცია (UEFA) მსოფლიო ჩემპიონატს ბოიკოტით დაემუქრა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

„ყველა მოსაზრების მოსმენის შემდეგ ჩვენ მივხვდით, რომ ამ პროექტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და ეს თავიდან დასახულ მიზანს აღარ შეესაბამება. ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო და არის ერთიანობა და განვითარება“, - განაცხადა FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ.

მან აღნიშნა, რომ FIFA-ს მიზანია ფეხბურთის გაერთიანება და მისი განვითარება, ამიტომ არსებულ წინადადებაზე მუშაობა აღარ გაგრძელდება. ინფანტინომ ასევე განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ყველა დაინტერესებულ მხარესთან შეხვედრა გაიმართება და მიღებული იქნება ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საერთო ინტერესებსა და ფეხბურთის მომავალ განვითარებას შეესაბამება.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯანი ინფანტინო კერძო ინვესტორებისთვის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის და სხვა ტურნირების უფლებების გაყიდვას გეგმავდა. ამ ინვესტორებს შორის დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერიც დასახელდა. ინფანტინო ამბობდა, რომ ასე ფეხბურთის ასოციაციები 4-ჯერ მეტ მოგებას მიიღებენ. მან ფეხბურთის ასოციაციებს გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადად 19 სექტემბერი დაუდგინა.

30 ივლისს UEFA-ს 55-მა ნაციონალურმა ასოციაციამ მიიღო გადაწყვეტილება FIFA-ს ყველა ტურნირის ბოიკოტირების შესახებ, თუ ინფანტინოს გეგმა განხორციელდება.

„არავის აქვს მორალური უფლება, რომ გაყიდოს ის, რაც მას მხოლოდ დროებით ერგო და ეს მომავალი თაობების ინტერესებისთვის კეთდება“, - განაცხადა UEFA-ს ყველა წევრმა ქვეყანამ.

ევროპის ფეხბურთის ასოციაციის კრიტიკას ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციაც (CONCACAF) შეუერთდა. მასში 41 ქვეყანაა გაერთიანებული.