ესპანური მედია: ლუის ენრიკემ იდეალური მანქანა შექმნა, დაუნდობელი მხეცი

ესპანური მედია მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში „პარი სენ-ჟერმენისა“ და „რეალის“ მატჩს (4:0) გამოეხმაურა.
რა თქმა უნდა, „სამეფო კლუბს“ კრიტიკა ერგო, ხოლო პსჟ-ს და განსაკუთრებით, ლუის ენრიკეს, უსმან დემბელესთან ერთად, ქება და კომპლიმენტები.
Marca: „რეალს“ ბევრი სამხედრო სამსახური აქვს გასაწევი. მადრიდულ გუნდს უზარმაზრი გამოწვევა ელის მბაპეს ყოფილი გუნდის ტახტიდან ჩამოსაგდებად. ოქროს ბურთს ლუის ენრიკე იმსახურებს. არც ლამინი, არც დემბელე, არც ვიტინია და არც ნუნუ მენდეში. სეზონის დიდი გამარჯვებული ლუის ენრიკეა, რომელმაც იდეალური საფეხბურთო მანქანა შექმნა. მისი პსჟ პირდაპირ კონკურენციას უწევს პეპ გვარდიოლას „ბარსელონასა“ და „მანჩესტერ სიტის“. უსმან დემბელე შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია მწვრთნელს ფეხბურთელის ტრანსფორმაცია. ის ყოველთვის ანარქისტი და ზარმაცი ჩანდა, მაგრამ დღეს დაუმორჩილებელი მხეცია, ბურთითაც და ბურთის გარეშეც“.
Sport: „ლუის ენრიკემ მბაპეს აჩვენა, თუ ვინ იყო მართალი. მას ნამდვილი გაკვეთილი ჩაუტარა“.
El Chiringuito: „მბაპეს ხასიათით რონალდუსას არ ჰგავს. მას ან ვინისიუსს მოუწევთ დამოკიდებულების შეცვლა, თუ არადა, ერთ-ერთი მათგანი წავა“.
AS: „კოლექტიური სუიციდი. რაულ ასენსიოს და ანტონიო რიუდიგერის ორი უხეში შეცდომით მატჩს წერტილი საწყის 9 წუთში დაესვა. ფრანგული გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალის დონეზე იყო, ხოლო „რეალი“ ისე გამოიყურებოდა, თითქოს, პრესეზონის პირველი მატჩი იყო. მბაპე მატჩს იდეალურ კონდიციაში ვერ შეხვდა, მაგრამ ის ამერიკაში იმ იმედით ჩავიდა, რომ „ოქროს ბურთის“ დისკუსიებში ჩაერთვებოდა. თუმცა, ამაზე არავინ საუბრობს. ეს მისი საღამო არ იყო, ამასთან ახლოსაც არ ყოფილა. დემბელემ კი, აჩვენა, რომ „ბარსა“ მართალი იყო, ის ნამდვილად ღირდა 140 მილიონი, რაც მასზე დახარჯეს“.
შეგახსენებთ, „პარი სენ-ჟერმენი“ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში 13 ივლისს, ლონდონის „ჩელსის“ დაუპირისპირდება.