Loading data...
ტრამპი აცხადებს, რომ აშშ უკრაინას იარაღს ნატოს მეშვეობით მიაწვდის

აშშ უკრაინას იარაღს ნატოს მეშვეობით მიაწვდის. ხარჯებს სრულად ალიანსი დაფარავს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, იუწყება Reuters.

ტრამპმა აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა ნატოს მოკავშირეებთან და უკრაინასთან ამერიკული იარაღის მიწოდების შესახებ ახალი შეთანხმება დადო.

„ჩვენ ნატოს იარაღს ვაწვდით და ნატო ამ იარაღის საფასურს 100%-ით იხდის. ამგვარად, გაგზავნილი იარაღი მიეწოდება ნატოს და შემდეგ ნატო ამ იარაღს [უკრაინას] აწვდის და ნატო ამ იარაღის საფასურს იხდის. ჩვენ ნატოს იარაღს ვაწვდით და ნატო მის სრულ ღირებულებას ანაზღაურებს“, - განმარტა თეთრი სახლის ხელმძღვანელმა.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ორშაბათს, 14 ივლისს, რუსეთთან დაკავშირებით „მნიშვნელოვან განცხადებას“ გააკეთებს.

აღსანიშნავია, რომ ტრამპი ბოლო დროს უკმაყოფილოა კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინით და ომის დასრულების საკითხში პროგრესის არარსებობით.

„ორშაბათს რუსეთთან დაკავშირებით მნიშვნელოვან განცხადებას გავაკეთებ“, - მოკლედ განაცხადა ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუში, თუმცა დეტალების დაზუსტებისგან თავი შეიკავა.