Loading data...
Corriere dello Sport: კვარაცხელია და სხვა ლიდერები სათასო მატჩში დაისვენებენ

იტალიის თასის 1/16-ფინალში „ნაპოლი“ „პალერმოს“ უმასპინძლებს, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში არ იქნება.

გამომდინარე იქიდან, რომ სათასო მატჩია, პლუს მეტოქე უძლიერესთა რიგებს ნამდვილად არ განეკუთვნება, ანტონიო კონტე შემადგენლობაში როტაციას გეგმავს.

„ტურინულ შეხვედრაში კვარაცხელია საკუთარი თავის აჩრდილს ჰგავდა. ვერც მისი ელვისებური გარღვევები ვნახეთ და დაცვასაც ძველებურად ენერგიულად ვერ ეხმარებოდა. არადა, ის და ლუკაკუ სწორედ ის ფეხბურთელები არიან, რომელთაგან „ნაპოლის“ ქომაგები გადამწყვეტ ქმედებებს ელიან. იუვენტუსთან მატჩმაც გამოაჩინა, რომ თუნდაც სეზონის სტარტზე მუდმივი უხეშობა და მუდმივი წნეხის ქვეშ ყოფნა ფეხბურთელებს ძალიან აზარალებთ.

კონკრეტულად კვარაცხელიასაც თამაში საკმაოდ გადატვირთული გრაფიკით მოუწია. ის სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ იტალიის თასის სასტარტო მატჩში და სერია A-ს ხუთივე ტურში, ამას გარდა კი იყო 2 მატჩი საქართველოს ნაკრებში და ხანმოკლე ვიზიტი საქართველოში, რაც მისი შვილის დაბადებას უკავშირდებოდა. ამ ფონზე გასაკვირი არაა, რომ კონტე აპირებს ხვიჩა მომავალი თამაშისთვის სათადარიგოთა სკამზე გადასვას და მცირეოდენ ამოსუნთქვის საშუალება მისცეს“, - წერს Corriere dello Sport.