Loading data...
„არსენალის ყველაზე რთული გამოცდა, მეტოქეებისთვის თამაშს 90-წუთიან კოშმარად აქცევს“ - Goal კვარაცხელიაზე

ცნობილმა გამოცემა Goal-მა „ბაიერნი“ - „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩდან (1:1) ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია და მის შესახებ წერს.

„ხვიჩა კვარაცხელია ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რომ პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა. ქართველმა ფეხბურთელმა ლუის ენრიკეს გუნდზე ტრანსფორმაციული გავლენა მოახდინა, როდესაც გასული სეზონის შუაში „ნაპოლიდან“ გადავიდა და მიმდინარე სეზონში რეალურად მოახერხა თავისი თამაშის სხვა დონეზე აყვანა.

კვარაცხელია გახდა პირველი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც პლეი-ოფის ზედიზედ შვიდ მატჩში გოლი გაიტანა ან საგოლე პასი გააკეთა. ეს შესანიშნავი შედეგია, რომელიც ადასტურებს, რომ 25 წლის ფეხბურთელი მხოლოდ შესანიშნავი დრიბლიორი არაა.

ის არასდროს წყვეტდა მიუნხენში თანაგუნდელებისთვის მუშაობას და არაერთხელ ჩნდებოდა საკუთარ ნახევარზე ბურთის დასაბრუნებლად ან უბრალოდ ბურთის მოსაშორებლად. ადამიანი, რომელსაც „ნაპოლის“ გულშემატკივრები „კვარადონას“ უწოდებენ, თამაშს 90-წუთიან კოშმარად აქცევს ყველა გუნდისთვის, ვისაც არ უმართლებს და მასთან შეხვედრა უწევს.

რა თქმა უნდა, „არსენალი“ თავს იმით ინუგეშებს, რომ ბუდაპეშტში ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონის საუკეთესო დაცვით ჩავა, მაგრამ კვარაცხელიას შეჩერება მათთვის ყველაზე რთული ტესტი იქნება. ის პრაქტიკულად იდეალური გარემარბია“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და 6-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის გათვალისწინებით 44 შეხვედრაში 18 გოლით და 10 საგოლე პასით გამოირჩა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს, ბუდაპეშტში გაიმართება, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენი“ და ლონდონის „არსენალი“ შეხვდებიან.