Loading data...
ახალი მწვრთნელით, პირველი გამარჯვების მოლოდინში - საქართველო უკრაინის წინააღმდეგ

დღეს გაიმართება ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრა საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებს შორის.

სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებმა ახალი ციკლი წარუმატებლად დაიწყო და საკუთარ მოედანზე ჩრდ.ირლანდიასთან დავმარცხდით, რასაც საკადრო ცვლილებები და ვილი სანიოლის წასვლა მოჰყვა.

მთავარი მწვრთნელის პოსტზე რამაზ სვანაძე მოვიდა, პროგრესული მწვრთნელი, რომელიც თავის ხედვებს გააზიარებს და ნაკრებს ახალ მუხტს მისცემს.

თავის მხრივ, უკრაინის ნაკრებმა ჯგუფი წარმატებით დაიწყო და უნგრეთის ნაკრები სტუმრად დაამარცხა. გარდა გამარჯვებისა, უკრაინელებმა მეტოქეს მთელი თამაში აჯობეს და კარგი ფეხბურთი ითამაშეს.

დღევანდელ შეხვედრაში რამაზ სვანაძემ განაცხადს მიღმა 5 ფეხბურთელი დატოვა - გიორგი გაგუა, ილია ბერიაშვილი, ნოდარ ლომინაძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი და გიორგი აბუაშვილი.

რამაზ სვანაძე(საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): ჩვენი მთავარი გეგმა არის სტაბილურობა, რომელიც აისახება შედეგებში. ეს ჩვენი მთავარი საფიქრალია და ამისთვის გზა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავიაროთ, რაც ადვილი არ იქნება. ჩვენი მთავარი მისია და მიზანი არის გამარჯვება, საქართველოს ნაკრები ნებისმიერ მატჩში ნებისმიერი ნაკრების წინააღმდეგ მხოლოდ მოგებაზე იქნება ორიენტირებული. ჩვენი ნაკრები მენტალურად ისე უნდა მოეწყოს, რომ ყველა მატჩში მოედანზე გამარჯვებულის მენტალიტეტით გავიდეს.

ანდრეა მალდერა(უკრაინის ნაკრების მწვრთნელი): როდესაც ნაკრებში მწვრთნელი იცვლება, ემოციურ მდგომარეობაზე ძალიან მოქმედებს, თუმცა პირველ რიგში, ჩვენ თავზე უნდა ვიფიქროთ და სასურველ მიზანს მივაღწიოთ. კვარაცხელია განუმეორებელი მოთამაშეა, ის ჩვენი ნაკრების ფეხბურთელთან, ზაბარნისთან ერთად თამაშობს პსჟ-ში. ისინი მეგობრები არიან, მაგრამ ხვალ ერთმანეთის მოწინააღმდეგეები იქნებიან. როგორც უნგრეთთან თამაშში, ახლაც შანსები თანაბარია. გასაგებია, რომ ბოლო მატჩი საქართველომ წააგო, თუმცა მარცხს არ იმსახურებდნენ.

ეს ნაკრებები ერთმანეთს ისტორიის განმავლობაში სულ 11-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც 7 უკრაინამ მოიგო, 4 კი ფრედ დასრულდა.