Loading data...
ზვიად ავალიანი ბრიტანეთის მიერ POSTV-ის დასანქცირებაზე: ჩვენ თურმე საზოგადოება შეცდომაში შეგვყავს და ვაცხადებთ, რომ უკრაინის ხელისუფლება ძალიან კორუმპირებულია - მინდა, ბრიტანეთის მთავრობას მოვუწოდო, ჩვენთან ერთად დაასანქციროს ევროკომისია, რომლის ბოლო კვლევაშიც სწორედ უკრაინა და მოლდოვა არიან დასახელებული ევროპის ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნებად

ჟურნალისტი ზვიად ავალიანი სოციალურ ქსელში დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და POSTV-ის დასანქცირებას ეხმაურება. 

„მეგობრებო, როგორც იცით, დღეს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ POSTV დაასანქცირა. დასანქცირების მიზეზიც ხომ იცით? ჩვენ თურმე საზოგადოება შეცდომაში შეგვყავს და ვაცხადებთ, რომ უკრაინის ხელისუფლება ძალიან კორუმპირებულია. დიახ, ნამდვილად ვამბობთ ამას და მომავალშიც ვიტყვით, იმიტომ, რომ მართლა ასეა, მაგრამ ამ პოსტში სხვა რამე მინდა ვთქვა.

მინდა, ბრიტანეთის მთავრობას ვურჩიო და მოვუწოდო, იყოს თანმიმდევრული და ჩვენთან ერთად დაასანქციროს აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი, რომელიც ამბობს, რომ უკრაინა ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა დღევანდელ მსოფლიოში.

ასევე, მინდა, ბრიტანეთის მთავრობას მოვუწოდო, ჩვენთან ერთად დაასანქციროს აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟი დონალდ ტრამპი-უმცროსი, რომელმაც სულ ახლახან ასევე ღიად განაცხადა, რომ უკრაინა ბევრად უფრო კორუმპირებული ქვეყანაა, ვიდრე თუნდაც რუსეთი.

დაბოლოს, მინდა, ბრიტანეთის მთავრობას მოვუწოდო, ჩვენთან ერთად დაასანქციროს მთლიანად ევროკომისია, რომლის ბოლო კვლევაშიც სწორედ უკრაინა და მოლდოვა არიან დასახელებული ევროპის ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნებად.

აბა, ასე რა გამოდის? ევროკომისიამ თუ თქვა, უკრაინა კორუმპირებულიაო, მართალია და ჩვენ თუ ვთქვით, მაშინ დეზინფორმაციაა?“, - წერს ზვიად ავალიანი.