ზურაბ ჩიკვილაძე: სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ერთ დროს ავტორიტეტული მედიაორგანიზაცია BBC დღეს უკვე არაოფიციალურ, პროპაგანდისტულ პლატფორმად იქცა
„BBC - ცრუ, მეზღაპრე მედია. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ერთ დროს ავტორიტეტული მედიაორგანიზაცია BBC დღეს უკვე არაოფიციალურ, პროპაგანდისტულ პლატფორმად იქცა“, - წერს თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე სოციალურ ქსელში.
დეპუტატი გამოეხმაურა BBC-ის მიერ საქართველოში გასულ წელს ჩატარებულ აქციებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატიას და აღნიშნა, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ ცრუ ბრალდებებს ევროპულ ინსტიტუციებში შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
ამასთან, ჩიკვილაძემ გაიხსენა BBC-ის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელების რამდენიმე შემთხვევა.
„ცრუ და მოგონილი ბრალდებები გაავრცელა BBC-მ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, რის შესახებაც აუცილებლად გვექნება რეაგირება შესაბამის ევროპულ ინსტიტუციებში, რათა კიდევ ერთხელ მოხდეს ამ ორგანიზაციის მხილება ცრუპენტელობასა და დეზინფორმაციის ხელოვნურ გავრცელებაში.
ჩვენს მსგავსად პრეზიდენტ ტრამპსაც აქვს თავისი „პირადი ანგარიშები“ ამ მიკერძოებულ ორგანიზაციასთან და მან ამის შესახებ ბოლო დღეების განმავლობაში თეთრი სახლიდან ისაუბრა...
საქმე ის არის, რომ ამ მეზღაპრე მედიაორგანიზაციისგან მიკერძოებული, გადაუმოწმებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელება არც პირველია და, სავარაუდოდ, არც უკანასკნელი იქნება. მახსენდება სხვა მავნებლური შემთხვევები BBC-ის მხრიდან... ასე მაგალითად:
2014 წელს, შოტლანდიის რეფერენდუმის გაშუქებისას, BBC-მ არასწორი და მიკერძოებული ინფორმაციები გაავრცელა, რაც მაშინ მკვლევართა და საზოგადოების კრიტიკის საგანი გახდა.
2009 წელს BBC-მ გაავრცელა სრულიად გამოგონილი და გამაოგნებელი ისტორია Auschwitz-ის „გმირის“ შესახებ, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდს ეხებოდა...
2003 წელს BBC-ის დეზინფორმატორებმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტონი ბლერის ადმინისტრაციის წინააღმდეგ. თემა ეხებოდა თითქოსდა ერაყის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებას. დამახინჯებულად და არასწორად გაშუქებულმა ცნობებმა ერაყის ომთან დაკავშირებით შექმნა ბრიტანეთის მთავრობის ნდობის კრიზისი და ასევე, გამოიწვია როგორც ჟურნალისტების, ისე ხელმძღვანელი პირების გადადგომა.
და როგორც თავში აღვნიშნე, ის ფაქტი, რომ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ერთ დროს ავტორიტეტულ მედიაორგანიზაციად მიიჩნეოდა, დღეს უკვე ძალიან ხშირად საჯარო ბოდიშს იხდის და ცდილობს, დაამტკიცოს, რომ მიკერძოებული არ არის, თავისთავად მეტყველებს მის მცდელობაზე, მორიგი „სიცრუის კორიანტელი“ დაატრიალოს ახლა უკვე საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ...“, - წერს ჩიკვილაძე.