ზაზა დობორჯგინიძე: კაციშვილს არ ახსოვდა, რა თქვა გია ბარამიძემ იაგოსთან პოდკასტში, ვიდრე თავად ოპოზიციის აქტივისტებმა არ დაატრიალეს ნაწყვეტი, ლანძღეს და მოღალატე ეძახეს, პრორუსულ განცხადებაზე „ნაცის“ დაჭერისთვის ნიადაგი შეუმზადეს ხელისუფლებას
კაციშვილს არ ახსოვდა, რა თქვა გია ბარამიძემ იაგოსთან პოდკასტში, ვიდრე თავად ოპოზიციის აქტივისტებმა არ დაატრიალეს ნაწყვეტი, ლანძღეს და მოღალატე ეძახეს, პრორუსულ განცხადებაზე „ნაცის“ დაჭერისთვის ნიადაგი შეუმზადეს ხელისუფლებას, - ამის შესახებ პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში წერს.
დობორჯგინიძე ოპოზიციის ორმაგ სტანდარტზე საუბრობს და აცხადებს, რომ ახლა ისინი გიორგი ბარამიძეს ფორმალურად დაუდგებიან გვერდით, პარალელურად კი მის განცხადებას დაგმობენ.
„კაციშვილს არ ახსოვდა, რა თქვა გია ბარამიძემ იაგოსთან პოდკასტში, ვიდრე თავად ოპოზიციის აქტივისტებმა არ დაატრიალეს ნაწყვეტი, ლანძღეს და მოღალატე ეძახეს, პრორუსულ განცხადებაზე „ნაცის“ დაჭერისთვის ნიადაგი შეუმზადეს ხელისუფლებას. ახლაც ცალყბად გამოუცხადებენ სოლიდარობას ისე, რომ მის ნათქვამს დაგმობენ. არადა ვინმე „ქოცს“ რომ ეთქვა რამე მსგავსი, თავადვე მოითხოვდნენ სამშობლოს ღალატის მუხლით მის დაჭერას. შიდა პოლიტიკური მოტივი გასაგებია ხელისუფლების, მაგრამ მაშინ გაუგებარია, რისთვის ვგზავნით ბენზინს აფხაზეთში, არც ისე კარგი სიგნალია აფხაზეთისთვის მაგაზე ადამიანის დაჭერა, ბენზინი არ უშველის, თუ ოდესმე უახლეს ისტორიაზე კრიტიკული რეფლექსია არ მოხდა“, - წერს დობორჯგინიძე.
ცნობისთვის, დღეს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე გიორგი ბარამიძე დააკავა.