Loading data...
ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციაზე: ისევ იგივე სურათი და კომბინაცია, ისევ იგივე სახეები და სახელები, იგივე გზავნილები, რომელთა შინაარსი ერთია - ჩვენ ადგილზე არაფერი შეგვიძლია და ამიტომ თქვენ დაგვეხმარეთ, შევცვალოთ ეს ხელისუფლებაო, აი, სწორედ ამიტომ ვერ მიიღებენ ვერასდროს ხალხის მხარდაჭერას

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის მიერ საფრანგეთის პარლამენტში გამართული შეხვედრების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ოპოზიციის გზავნილები კვლავ უცვლელია და მათი მთავარი სათქმელი ისაა, რომ ხელისუფლების შეცვლა თავად არ შეუძლიათ და ამისთვის უცხოელი პარტნიორების დახმარებას ითხოვენ.

ანალიტიკოსის შეფასებით, გრძელდება კოლექტიური ოპოზიციის ყოვლისმომცველი დეგრადაციის პროცესი და ეს სურათი ძალიან კარგად აღწერა შალვა პაპუაშვილმა თავის ცნობილ პოსტში, სადაც რუსთაველზე უწყვეტი აქციის მონაწილეთა ფსევდორელიგიურ სექტად ტრანსფორმაციის პროცესი აჩვენა.

„ისევ იგივე სურათი და კომბინაცია, ისევ იგივე სახეები და სახელები, იგივე გზავნილები, რომელთა შინაარსი ერთია - ჩვენ ადგილზე არაფერი შეგვიძლია და ამიტომ თქვენ დაგვეხმარეთ, შევცვალოთ ეს ხელისუფლებაო. აი, სწორედ ამიტომ ვერ მიიღებენ ვერასდროს ხალხის მხარდაჭერას! საფრანგეთის პარლამენტს კიდევ ერთხელ ეახლა დახმარების სათხოვნელად პოლიტიკურად და მორალურად საქართველოში სრულიად გაკოტრებული სალომე ზურაბიშვილი და რაღაც მოსმენები მოახლაფორთა. თან იახლა ეკა გიგაური და სხვა აქაური უცხოური გავლენის აგენტები, რომლებიც პირზე დუჟმორეული ითხოვდნენ სანქციებს ხელისუფლების მიმართ. და მოხდა „საოცრება“ - ეკა გიგაურმა, რომლის „ენჯეო“ - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აცხადებდა, რომ მიშა სააკაშვილი არ შეიძლება განიხილებოდეს პოლიტპატიმრად, მოულოდნელად სააკაშვილი „პოლიტპატიმრის“ სტატუსით „დააჯილდოვა“. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც სააკაშვილმა „ფეისბუქით“ მაგრად შეჯორა გიგაურიც და მისი კანტორაც, როგორ გაბედეთ და პოლიტპატიმრად არ მაღიარეთო. ისინიც დაფრთხნენ და აღიარეს.... გრძელდება კოლექტიური ოპოზიციის ყოვლისმომცველი დეგრადაციის პროცესი და ეს სურათი ძალიან კარგად აღწერა შალვა პაპუაშვილმა თავის ცნობილ „ფბ“ პოსტში, სადაც რუსთაველზე უწყვეტი აქციის მონაწილეთა ფსევდორელიგიურ სექტად ტრანსფორმაციის პროცესი აჩვენა. თუმცა უცხოელი, თუ ადგილობრივი დონორები და სპონსორები მაინც განაგრძობენ ამ განწირულ პროექტში ფულის ჩასხმას. ახლა კი გავიგეთ, რომ თურმე ევროკავშირიდან იღებდა ფინანსურ მხარდაჭერას ყბადაღებული „ოლე-ოლას“ პროექტის ავტორი, ვინმე „კორძი.“ ასე უნდათ, მისი და სხვა მსგავსების სახით აქ ახალი კონტრელიტები და გმირები შექმნან სხვადასხვა სფეროში და მერე ხალხს თავზე მოახვიონ“, - წერს ანჯაფარიძე.