თამთა მეგრელიშვილი: ქვეყანა პოზიციონირებს, როგორც საიმედო, უსაფრთხო და მიმზიდველი პარტნიორი და არ მალავს მიზანს, რომ ანაკლიის პორტის პროექტისა და რკინიგზის მოდერნიზაციის პარალელურად, ჩინეთი–ყირგიზეთი–უზბეკეთის ახალი მარშრუტი საქართველოსთან დააკავშიროს
სწრაფად მიმდინარე მოვლენების პირობებში, სადაც გეოპოლიტიკური რუკა ყოველდღიურად იცვლება, ქართული სახელმწიფო ახალი რეალობის აქტიური, საჭირო და სტრატეგიულად მომზადებული მოთამაშეა, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.
მისი განცხადებით, რბოლაში, სადაც სახელმწიფოთა როლის დანახვა მათი მხრიდან გონივრულ და პრაგმატულ პოლიტიკაზე გადის, ქართული სახელმწიფო უპრეცედენტო მოქნილობას ავლენს.
„ქვეყანა პოზიციონირებს, როგორც საიმედო, უსაფრთხო და მიმზიდველი პარტნიორი და არ მალავს მიზანს, რომ ანაკლიის პორტის პროექტისა და რკინიგზის მოდერნიზაციის პარალელურად, ჩინეთი–ყირგიზეთი–უზბეკეთის ახალი მარშრუტი საქართველოსთან დააკავშიროს, რათა შექმნას ახალი შესაძლებლობები და სახელმწიფო მყარად იყოს ინტეგრირებული მომავლის უმსხვილეს საერთაშორისო პროექტებში. ეს სტრატეგიული ინტეგრაცია ქვეყანას მოუტანს უპრეცედენტო ეკონომიკურ სარგებელს - გაზრდილ სატრანზიტო შემოსავლებსა და ახალ სამუშაო ადგილებს, ხოლო გლობალური მოთამაშეების (დასავლეთისა და აზიის) მხრიდან საქართველოს სტაბილურობისადმი ინტერესის ზრდა მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ უსაფრთხოებასა და საერთაშორისო წონას. შესაბამისად, აღნიშნული გეგმების რეალიზაცია საქართველოს მიანიჭებს უნიკალურ გეოსტრატეგიულ ფუნქციას - გახდეს აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი უალტერნატივო, უსაფრთხო და ეკონომიკურად ძლიერი სატრანზიტო ჯაჭვის ნაწილი. მჯერა, რომ დასახული სტრატეგიით წარმატებით განხორციელდება საქართველოს გეოსტრატეგიული ტრანსფორმაცია გლობალური მიწოდების ჯაჭვში“, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.