„შენჟენის სამიტი: ჩინეთის გეოპოლიტიკური გამარჯვება, რუსეთის დიპლომატიური დაბრუნება და ამერიკის სტრატეგიული დილემა“ - დავით ჩიხელიძე შენჟენის სამიტთან დაკავშირებით ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს
„შენჟენის სამიტი: ჩინეთის გეოპოლიტიკური გამარჯვება, რუსეთის დიპლომატიური დაბრუნება და ამერიკის სტრატეგიული დილემა“, - აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ექსპერტი დავით ჩიხელიძე საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს და წერს, რომ ეს სამიტი გამორჩეული მოვლენა იყო.
ექსპერტი, ასევე, იმ პოლიტიკურ შედეგებზე საუბრობს, რომელიც შენჟენის შეხვედრამ გამოავლინა.
„ჩინეთის ქალაქ შენჯენში გამართული სამმხრივი შეხვედრა, რომელშიც აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერები მონაწილეობდნენ, თავისი მასშტაბითა და პოლიტიკური სიმბოლიზმით გამორჩეული მოვლენა იყო. თუმცა, თუ საზეიმო ცერემონიალს, ისტორიულ ფოტოსა და დიპლომატიურ რიტორიკას მიღმა გავიხედავთ, დავინახავთ, რომ შეხვედრამ გაცილებით ნაკლები პრაქტიკული შედეგი მოიტანა, ვიდრე მისგან ელოდნენ.
შესაძლოა გადაჭარბებულ შეფასებად მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს იყო ორი გამოცდილი პოლიტიკური მოთამაშისა და ერთი დილეტანტი პოლიტიკოსის შეხვედრა. ორი ლიდერი, სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი წლებია საკუთარი ქვეყნების პოლიტიკურ ცხოვრებაში დომინირებენ, კარგად იცნობენ საერთაშორისო პოლიტიკის მექანიზმებს და გრძელვადიან სტრატეგიულ გათვლებს აკეთებენ. მათგან განსხვავებით, დონალდ ტრამპის მიდგომა კვლავ დიდწილად პირად ურთიერთობებზე, სანახაობრივ ეფექტებსა და მოკლევადიან პოლიტიკურ შედეგებზეა ორიენტირებული.
სამი ლიდერი თითქოს ერთ მანქანაში, წინა სავარძლებზე ზის, საჭესთან კი ჩინეთი არის. პეკინი განსაზღვრავდა შეხვედრის გარემოს, მის პოლიტიკურ ჩარჩოსა და დღის წესრიგს, დანარჩენ ორს კი აქვთ ილუზია, რომ პროცესის მართვაში თანაბარი მონაწილეობა აქვთ. ჩინეთის უპირატესობა მხოლოდ იმაში არ მდგომარეობს, რომ შეხვედრის მასპინძელი იყო. მისი მთავარი ძალა იმ სტრუქტურულ მდგომარეობაშია, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში საერთაშორისო ეკონომიკაში, ვაჭრობასა და ტექნოლოგიურ წარმოებაში მოიპოვა.
დღეს არსებული მოცემულობა, პეკინს სტრატეგიულ უპირატესობას აძლევს, რომელიც მას ვაშინგტონთან და მოსკოვთან ურთიერთობაში თანამშრომლობაშიც მნიშვნელოვან როლს ანიჭებს. ამერიკისთვის ჩინეთი უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორია, რომლის იგნორირებაც შეუძლებელია, რუსეთისთვის კი, დასავლური ზეწოლის პირობებში ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური და პოლიტიკური საყრდენი.
ამ განსხვავებული ურთიერთობების წყალობით, სი ძინპინს შეუძლია, ორივე სახელმწიფოსთან დიალოგში საკუთარი ქვეყნის ინტერესები გააძლიეროს და საერთაშორისო დღის წესრიგის ფორმირებაში გადამწყვეტი როლი შეასრულოს. ამ სამკუთხედში ჩინეთი უბრალოდ მესამე მონაწილე არ არის, ის ცენტრალური ძალაა, რომლის პოზიციებიც დიდწილად განსაზღვრავს დანარჩენი ორი სახელმწიფოს მოქმედების არეალს.
სი ძინპინმა მიიღო, რაც სურდა, მან კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ჩინეთს შეუძლია მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ერთ მაგიდასთან შეკრება და გლობალური პოლიტიკური დღის წესრიგის ფორმირებაში ცენტრალური როლის შესრულება. მისთვის ეს მხოლოდ დიპლომატიური ღონისძიება არ ყოფილა. ეს იყო შესაძლებლობა, ჩინეთი წარმოეჩინა არა უბრალოდ ძლიერ სახელმწიფოდ, არამედ ძალად, რომლის მონაწილეობისა და თანხმობის გარეშე საერთაშორისო საკითხების გადაწყვეტა არ მიიღება.
პეკინმა შეხვედრის ორგანიზებითა და ლიდერების მიღების ფორმითაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი გააჟღერა. ტრამპს საზეიმო დახვედრა, სამხედრო საპატიო ყარაული და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო, პუტინს მსგავსი პირადი დახვედრა არ მოუწყო, მაგრამ საშუალება მისცა, დასავლეთის მიერ მრავალწლიანი იზოლაციის მცდელობების შემდეგ, კვლავ მსოფლიოს ორ უმნიშვნელოვანეს ლიდერთან ერთად, თანაბარ პოზიციაში გამოჩენილიყო. ამასთან, სამმხრივ შეხვედრამდე სი ძინპინისა და პუტინის ორსაათიანი პირისპირ მოლაპარაკებები კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს მოსკოვსა და პეკინს შორის ურთიერთობის სიღრმეს.
პუტინისთვის სამიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის საერთაშორისო იზოლაცია დასავლეთის ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ მიზნად იქცა. შენჯენის სამიტმა კი მას შესაძლებლობა მისცა, ეს იზოლაცია, სულ მცირე, სიმბოლურ დონეზე მაინც დაეძლია. მსოფლიოს ორი წამყვანი სახელმწიფოს ლიდერებთან ერთ მაგიდასთან ყოფნა და ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერა პუტინისთვის მნიშვნელოვანი დიპლომატიური და პოლიტიკური შედეგია.
სი ძინპინი და პუტინი, როგორც გამოცდილი პოლიტიკური მოთამაშეები, იმასაც გათვლიდნენ, რომ ნაკლებად სავარაუდოა, მომავალში კვლავ იხილონ ისეთი ამერიკელი პრეზიდენტი, რომელიც მათი ინტერესების მიმართ ტრამპივით კეთილგანწყობილი იქნება. ამიტომ ორივესთვის მნიშვნელოვანი იყო ამ მომენტის გამოყენება და ისეთი პოლიტიკური გარემოს შექმნა, რომელიც მათ გრძელვადიან ინტერესებს მოემსახურებოდა.
ამ ფონზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ტრამპის შედეგებს. ამერიკის პრეზიდენტმა, შესაძლოა, პიროვნულ დონეზე მართლაც მიაღწია იმას, რაც სურდა კიდევ ერთხელ იგრძნო თავი მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად,(განსაკუთრებით მაშინ, როცა საკუთარ ქვეყანაში არჩევნებში დამარცხდა) მიიღო გრანდიოზული დახვედრა და მონაწილეობა მიიღო შეხვედრაში, რომელსაც ისტორიული უწოდეს. თუმცა პირადი პოლიტიკური კმაყოფილება და ქვეყნისთვის მიღწეული სტრატეგიული შედეგი სხვადასხვა რამაა.
რეალურად შეერთებული შტატები შეხვედრაზე მკაფიო და მტკიცე გეგმის გარეშე მივიდა. ტრამპის ადმინისტრაციას შეეძლო პეკინისგან კონკრეტული ვალდებულებების მიღება, განსაკუთრებით იშვიათი მიწათა ელემენტების მიწოდებისა და ამერიკული კომპანიებისთვის სტაბილური სავაჭრო პირობების უზრუნველყოფის მიმართულებით. საზეიმო გარემომ და ლიდერებს შორის პირადმა კომუნიკაციამ ვერ ჩაანაცვლა ის, რაც რეალურად სჭირდებოდა ვაშინგტონს, კონკრეტული, გაზომვადი და გარანტირებული შედეგები.
სამიტის მიმართ მოლოდინი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე საბოლოოდ მივიღეთ. შეხვედრის შედეგად გამოიკვეთა ორი მნიშვნელოვანი მიმართულება. ბირთვული საფრთხეების მართვა და ნავთობის მიწოდების ჯაჭვის აღდგენა. ორივე საკითხი გლობალური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ამ ეტაპზე მათი პოლიტიკური მნიშვნელობა უფრო მეტად დეკლარაციაში გამოხატულ განზრახვებს უკავშირდება, ვიდრე კონკრეტული პრობლემების საბოლოო გადაწყვეტას.
განსაკუთრებით საყურადღებოა ისიც, რომ სამმხრივ შეხვედრაზე სამი უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური საკითხი, ევროპის ადგილი თანამედროვე მსოფლიო წესრიგში, უკრაინის ომი და ირანის კონფლიქტი განხილვის მთავარ თემებად არ ქცეულა. გავრცელებული ცნობებით, უკრაინის საკითხი შეხვედრისას ახსენა პუტინმა, თუმცა ის მოლაპარაკებების ძირითად თემას არ წარმოადგენდა. ტრამპის განცხადებით, ლიდერებმა უკრაინასა და ირანზეც ისაუბრეს, თუმცა არა სიღრმისეულად, ამ საკითხებზე რაიმე კონკრეტული შეთანხმება ან ერთობლივი გადაწყვეტილება არ გამოქვეყნებულა.
ევროპის არყოფნა კი ამ ფორმატის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია: სამი დიდი სახელმწიფოს ლიდერები მსოფლიო წესრიგის მომავალზე მსჯელობენ, მაშინ როდესაც ევროპის უსაფრთხოებისა და უშუალოდ მის კონტინენტზე მიმდინარე ომის საკითხები ამ დიალოგის მიღმა რჩება. (შემდეგ წერილში, ბორტს მიღმა დარჩენილ ევროპაზე ვისაუბრებ) განსაკუთრებით საყურადღებოა სი ძინპინის მიერ წამოწეული პრინციპები: ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, შიდა საქმეებში ჩაურევლობა და მშვიდობიანი თანაარსებობა. ერთი შეხედვით, ეს უნივერსალური და ყველასთვის მისაღები გზავნილებია, თუმცა მათი წამოწევით ჩინეთი საკუთარ პოლიტიკურ ხედვას სთავაზობს მსოფლიოს. ამ გზით ჩინეთი საკუთარ თავს გლობალური სტაბილურობისა და ახალი საერთაშორისო წესრიგის ერთ-ერთ მთავარ გარანტად წარმოაჩენს.
საბოლოო ჯამში, შენჟენის შეხვედრამ სამი განსხვავებული პოლიტიკური შედეგი გამოავლინა: ჩინეთმა საკუთარი გლობალური გავლენა წარმოაჩინა, რუსეთმა საერთაშორისო იზოლაციის შესუსტების შესაძლებლობა მიიღო, შეერთებულმა შტატებმა კი ამ ეტაპზე უფრო მეტად პოლიტიკური სანახაობა მიიღო, ვიდრე ხელშესახები სტრატეგიული სარგებელი“, - წერს დავით ჩიხელიძე.