საქართველოს პრეზიდენტი: გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ
„გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველა სამსახურს, რომლებიც სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში იყვნენ ჩართული.
„ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ თითოეული ჩვენგანი შეძრა. განსაკუთრებით მიმძიმს, რომ აფეთქებას ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა.
გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. დაშავებულებს სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
მადლობა სამაშველო ოპერაციაში ჩართულ თითოეულ თანამშრომელს პროფესიული პასუხისმგებლობისა და თავდადებისთვის - მათ მიერ გადარჩენილი მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლისთვის. მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიის სამსახურებს და ყველას, ვინც ჩართული იყო სამძებრო სამუშაოებში. მადლობა ექიმებს, რომლებიც დაშავებულთა სრულ გამოჯანმრთელებაზე ზრუნავენ.
ჩვენი ქვეყნისთვის ამ მძიმე წუთებში მთელი საქართველო გლოვობს დიდ დანაკარგს“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი.
ცნობისთვის, ქვემო ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილის 16 ნომერში მდებარე ე.წ. უსინათლოთა დასახლების 5-სართულიან კორპუსში აფეთქება 19 ნოემბრის დილის 9 საათზე მოხდა. ერთ-ერთი სადარბაზოს მე-5 სართულზე გაზის გამათბობლის მწყობრიდან გამოსვლას ნგრევა მოჰყვა. ჩამოინგრა შენობის მზიდი კონსტრუქცია, სრულად განადგურდა სადარბაზოს ცენტრალური ნაწილი, კიბის უჯრედები, სართულებს შორის გადახურვები და ფასადის ნაწილი.
დაშავებული ოთხი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. კრიტიკულია 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც გაზი აფეთქდა - ის დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი, სხეულის 87%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული და დაზიანებული აქვს სასუნთქი გზები.
მაშველები 7 ადამიანს ეძებდნენ. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა 3 წლის ბავშვი ცოცხალი იპოვეს. მცირეწლოვანი კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საერთო ჯამში ნანგრევებიდან 6 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.
ფონიჭალაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.