პროფესორი მამუკა მახათაძე: არასამთავრობო ორგანიზაციების, როგორც გლობალური სამოქალაქო საზოგადოების მთავარი არქიტექტორების, ეპოქა დასრულდა

„არასამთავრობო ორგანიზაციების, როგორც გლობალური სამოქალაქო საზოგადოების მთავარი არქიტექტორების, ეპოქა დასრულდა“, - ამის შესახებ პროფესორი მამუკა მახათაძე სოციალურ ქსელში წერს, რომელიც სარა ბუშისა და ჯენიფერ ჰადენის ავტორობით დაწერილ ახალ სტატიას - „არასამთავრობო ორგანიზაციების ეპოქის დასასრული?“ - ეხმიანება.
მახათაძის თქმით, აღნიშნულ სტატიაში ავტორები ამტკიცებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები აღარ ადგენენ დღის წესრიგს და აღარ ხელმძღვანელობენ ძირითად სოციალურ/პოლიტიკურ ტრანსფორმაციებს. მათ ძალაუფლება სახელმწიფოს დაუბრუნეს და NGO-ები „ფუნდამენტურად შემცირებული შესაძლებლობებით მოქმედებენ“.
მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების სარბიელიდან წასვლის შემდეგ ჩნდება ახალი სივრცეები მოქალაქეების ძალაუფლების ახალი, უფრო ორგანული ფორმებისთვის.
„არასამთავრობო ორგანიზაციების ეპოქის დასასრული?
1997 წელს Foreign Affairs-ში გამოქვეყნდა ჯესიკა მეთიუსის სტატია სახელწოდებით „ძალაუფლების ცვლილება“ (ორიგინალში, „Power Shift“), რომელიც ეხებოდა საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების, კერძოდ კი, არასამთავრობო ორგანიზაციების (როგორც საერთაშორისო ურთიერთობებისა და საგარეო პოლიტიკაში დომინანტი მოთამაშეების) როლის აღზევებას https://www.foreignaffairs.com/artic…/1997-01-01/power-shift
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ნაშრომი იმ დროსთვის იმდენად გავლენიანი იყო, რომ ფუკუიამას „ისტორიის დასასრულთან“ ერთად, მან გარკვეულწილად განსაზღვრა ცივი ომის შემდგომი ეპოქა, რომელშიც ძალაუფლება ნაციონალური სახელმწიფოებიდან ისეთი არასახელმწიფო აქტორებისკენ გადადიოდა, როგორიცაა არასამთავრობო ორგანიზაციები, მულტინაციონალური კომპანიები და საერთაშორისო ინსტიტუტები.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღიარება და ლეგიტიმაცია მოქალაქეთა ხმების წარმოდგენით, ადამიანის უფლებების ხელშეწყობითა და ადამიანებისთვის აუცილებელი სერვისების მიწოდებით მოიპოვეს. არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ მთავარი კონტრიბუტორები რამდენიმე მნიშვნელოვან მიღწევის რეალიზაციაში - სახმელეთო ნაღმების აკრძალვის შესახებ ხელშეკრულებიდან დაწყებული, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაარსებამდე. ადამიანის უფლებების, სოციალური განვითარებისა და გარემოს დაცვის კრიტიკულ საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციები დომინანტი მოთამაშეები იყვნენ.
და, აი, 30 წელიც კი არ გასულა და Foreign Affairs უკვე აქვეყნებს „ძალაუფლების ცვლილება“-ში ჩადებული ოპტიმიზმის მკვეთრ უარყოფას. https://www.foreignaffairs.com/world/end-age-ngos
ახალ სტატიაში „არასამთავრობო ორგანიზაციების ეპოქის დასასრული?“ ავტორები, სარა ბუში და ჯენიფერ ჰადენი, წარმოგვიდგენენ თავიანთ „გამომაფხიზლებელ“ ვერდიქტს: არასამთავრობო ორგანიზაციების ეპოქა დასრულდა. ძალაუფლება, რომელიც ოდესღაც სამოქალაქო საზოგადოებას გადაეცა, ისევ სახელმწიფოს დაუბრუნდა - და ამჯერად ის აღარ აპირებს ამ ძალაუფლების ხელიდან გაშვებას.
ბუში და ჰადენი ამტკიცებენ, რომ დასავლეთის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების, როგორც დემოკრატიული ცვლილებებისა და სოციალური პროგრესის მთავარი მამოძრავებელი ძალების ეპოქა დასრულდა, არა იმდენად ავტორიტარული რეპრესიების გამო (როგორც ამას ხშირად ხაზს უსვამენ), არამედ სამოქალაქო საზოგადოების შინაგანი ტრანსფორმაციების, გეოპოლიტიკური ცვლილებებისა და პროფესიონალიზაციის გაუთვალისწინებელი შედეგების გამო. არასამთავრობო ორგანიზაციების „ოქროს ხანა“ (1990- 2010) დასრულდა და არასამთავრობო ორგანიზაციები ახლა ფუნდამენტურად შემცირებული შესაძლებლობებით მოქმედებენ.
რა არის „არასამთავრობო ორგანიზაციების ასეთი აღზევების და დაცემის მიზეზები. ავტორების აზრით, ეს მიზეზები რამდენიმეა:
- ზედმეტი ოპტიმიზმი:
* 1990-იან წლებში დასავლეთის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების სწრაფი ზრდა დაფიქსირდა, რაც განპირობებული იყო იმ რწმენით, რომ მათ დემოკრატიების აშენება, ადამიანის უფლებების ხელშეწყობა და დახმარების გაწევა ნაციონალურ სახელმწიფოებზე უკეთ შეეძლოთ - რაც უტოპია აღმოჩნდა.
- პროფესიონალიზაციის პარადოქსი:
* არასამთავრობო ორგანიზაციები გახდნენ უაღრესად პროფესიონალიზებული, ბიუროკრატიული და დონორზე დამოკიდებული. ამან გააჩინა უშველებელი უფსკრული ელიტარულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო მოძრაობებს შორის, შეამცირა რა მათი ადგილობრივი ლეგიტიმაცია და მოქნილობა;
* არასამთავრობო ორგანიზაციებმა დონორების მეტრიკას (მაგ. ჩატარებული ტრენინგების რაოდენობა, წარდგენილი ანგარიშები) მიანიჭეს უპირატესობა ორგანული მოძრაობების მშენებლობის მაგივრად;
* შექმნეს „სამოქალაქო არისტოკრატია“ კარგად ანაზღაურებადი, ურბანული პროფესიონალებისგან, რომლებიც მოწყვეტილნი არიან ადგილობრივ პრობლემებს.
* შედეგად, შემცირდა ნდობა, აქტუალობა და მდგრადობა ადგილობრივ დონეზე.
- გეოპოლიტიკური გადაჯგუფება:
* არალიბერალური ქვეყნები (ჩინეთი, რუსეთი, სპარსეთის ყურის ქვეყნები და ა.შ.) გვთავაზობენ ალტერნატიულ დაფინანსებისა და ლეგიტიმაციის მოდელებს, რომლებიც მტრულად არიან განწყობილნი დასავლური სტილის არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ.
* აშშ-სა და ევროკავშირის გავლენა შემცირდა და ეს ასუსტებს გეოპოლიტიკურ ქოლგას, რომლის ქვეშაც არასამთავრობო ორგანიზაციები მოქმედებდნენ. შედეგად მოხდა მათთვის „სივრცის შევიწროება“ კანონები: ბევრმა ქვეყანამ (მაგ., უნგრეთი, ინდოეთი, ეგვიპტე) მიიღეს შემზღუდველი კანონები „უცხოეთის აგენტების“ შესახებ.
- ციფრული ფრაგმენტაცია:
* სოციალური მედია ხელს უწყობს ულიდერო, დეცენტრალიზებულ მოძრაობებს (მაგ., #BlackLivesMatter, გარემოს დამცველთა გაფიცვები), რომლებიც გვერდს უვლიან ტრადიციულ არასამთავრობო ორგანიზაციებს.
* ციფრული აქტივიზმი ბევრად უფრო სწრაფი და რეზონანსულია, მიუხედავად იმისა, რომ აკლია მდგრადობა და კოორდინაცია.
* შედეგი: არასამთავრობო ორგანიზაციები იბრძვიან ამ მოძრაობების ლიდერობისათვის ან გამოყენებისთვის, რაც კიდევ უფრო ამცირებს მათ ლეგიტიმაციას.
რაც მთავარია, ლიბერალურ დემოკრატიებშიც კი, არასამთავრობო ორგანიზაციები აწყდებიან უკურეაქციას პოპულისტებისგან (რომლებიც მათ ელიტიზმში ადანაშაულებენ) და მემარცხენეებისგან (რომლებიც თავის მხრივ, მათ, როგორც ნეო-კოლონიურ სტრუქტურებს აკრიტიკებენ). თვით ამ ქვეყნების მთავრობები იღებენ არასამთავრობო ორგანიზაციების უფრო მკაცრ რეგულაციებს, რომლებიც ზღუდავენ სამოქალაქო სივრცეს.
არასამთავრობო ორგანიზაციები აღარ ადგენენ დღის წესრიგს და არ ხელმძღვანელობენ ძირითად სოციალურ/პოლიტიკურ ტრანსფორმაციებს.
დასავლელი დონორები ამცირებენ დახმარებას და კორპორატიული/ფილანტროპიული დაფინანსება გადადის ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ ან ადგილობრივ აქტორებზე.
არასამთავრობო ორგანიზაციების ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ლეგიტიმაციის დეფიციტი - ისინი აღიქმებიან, როგორც რეალობას მოწყვეტილი, ბიუროკრატიული და/ან უცხოური ინტერესების გამტარებელი.
ალტერნატივების აღზევება: მასობრივი კოლექტივები, ციფრული მოძრაობები, რელიგიური ჯგუფები და სახელმწიფოსთან დაკავშირებული GONGO-ები ავსებენ სიცარიელეს.
ამავე დროს, ბუში და ჰადენი რეკომენდაციას უწევენ არასამთავრობო ორგანიზაციების რადიკალურ ადაპტირებას. მათი აზრით NGO-ებმა უნდა:
* მიიღონ „ქსელური ლოკალიზმი“ - მხარი დაუჭირონ დეცენტრალიზებულ მოძრაობებს მათ კონტროლის გარეშე.
* მოახდინონ დაფინანსების დეკოლონიზაცია - რესურსები პირდაპირ ადგილობრივი ჯგუფებს მოახმარონ და შეამცირონ ბიუროკრატიული ზედნადები ხარჯები.
* დაიბრუნონ ადვოკატირება - ფოკუსირება მოახდინონ სისტემურ ცვლილებებზე მომსახურების მიწოდებაზე მეტად.
* ააშენონ ალიანსები - ითანამშრომლონ პროფკავშირებთან, რელიგიურ ჯგუფებთან და ადგილობრივ ლიდერებთან.
* გონივრულად გამოიყენონ ტექნოლოგია - გამოიყენონ ციფრული ინსტრუმენტები ადგილზე ორგანიზაციების გასაძლიერებლად და არა ჩანაცვლებისთვის.
და ბოლოს, ავტორები ამტკიცებენ, რომ საერთაშორისო დაფინანსებით, პროფესიონალიზებული არასამთავრობო ორგანიზაციების ცივი ომის შემდგომი მოდელი არამდგრადი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოება დღესაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რჩება, მისი მომავალი დეცენტრალიზებულ, ადგილობრივად ფესვგადგმულ მოძრაობებშია. არასამთავრობო ორგანიზაციებმა კი, ან ხელახლა უნდა გამოიგონონ თავისი თავი, როგორც მასობრივი ძალაუფლების უბრალო ხელშემწყობის, ან აქტუალობა სრულად დაკარგონ. არასამთავრობო ორგანიზაციების, როგორც გლობალური სამოქალაქო საზოგადოების მთავარი არქიტექტორების, ეპოქა დასრულდა - თუმცა მათი სარბიელიდან წასვლის შემდეგ ჩნდება ახალი სივრცეები მოქალაქეების ძალაუფლების ახალი, უფრო ორგანული ფორმებისთვის“, - წერს მამუკა მახათაძე.