Loading data...
ნოდარ ბოკერია ევროკავშირის გაფართოების ანგარიშზე: როდესაც საქართველოს ხელისუფლება წარმატებით ახორციელებს რეფორმებს და ქვეყანა მრავალი მიმართულებით ევროპის საუკეთესო ოც სახელმწიფოს შორის იკავებს ადგილს, კრიტიკა აშკარად პოლიტიკური მიზნებით არის ნაკარნახევი

„ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ 2025 წლის გაფართოების ანგარიშში საქართველოს მიმართ გამოთქმული ბრალდებები, ადამიანის უფლებების დარღვევის, სასამართლოს დამოუკიდებლობის შერყევის და პოლიტიკური პრიორიტეტების შეცვლის თაობაზე, აშკარად, სპეკულაციური და წინააღმდეგობრივია“, - წერს თბილისის საკრებულოს წევრი ნოდარ ბოკერია სოციალურ ქსელში, რითაც ევროკავშირის გაფართოების ანგარიშს ეხმიანება.

„საინტერესოა, რომ სულ რაღაც ერთი თვის წინ, ევროკომისიის სხვა ოფიციალურ დოკუმენტებში, რომელიც ეფუძნებოდა ისეთი ინსტიტუტების კვლევებს, როგორებიცაა მსოფლიო ბანკი, ჩენდლერის ინსტიტუტი და სხვა, საქართველო ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზე იყო არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს შორის, არამედ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორისაც - სხვადასხვა დემოკრატიული და ეკონომიკური მაჩვენებლით.

მიუხედავად ამისა, ახალ ანგარიშში საქართველოს მთავრობა გააკრიტიკეს რადიკალური ოპოზიციის ლიდერების დაკავების გამო, მაშინ როდესაც სრულიად იგნორირებულია ის ფაქტი, რომ აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ პროცესებში, რომელთა მიზანი იყო ქვეყანაში არეულობის შექმნა და ხელისუფლების შეცვლა არაკონსტიტუციური, რევოლუციური გზით. ისინი საჯაროდ მოუწოდებდნენ მოქალაქეებს მთავრობის ძალადობრივი გზით დამხობისაკენ, თუმცა არც ერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა, ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან, ამ ქმედებების რაიმე სახით დაგმობა.

ევროკავშირის ღირებულებითი კრიზისი განსაკუთრებით თვალსაჩინოა მათ სტრატეგიულ დოკუმენტში (2026–2030 წწ.), სადაც საუბარია არასრულწლოვანთა სქესობრივი იდენტობის ცვლილების გამარტივებულ წესზე, საკითხზე, რომელიც აშკარად, ეწინააღმდეგება ტრადიციულ ოჯახურ პრინციპებს. ამ ფონზე, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კრიტიკის ობიექტად იქცა მაშინ, როდესაც აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს მხოლოდ, ბავშვების დაცვას აგრესიული პროპაგანდისგან და არ ემსახურება არცერთი ჯგუფის უფლებების შეზღუდვას.

ევროკავშირის პოზიცია საქართველოს მიმართ სულ უფრო მეტად მიკერძოებული და რეალური ფაქტებისგან მოწყვეტილი ჩანს. მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება წარმატებით ახორციელებს რეფორმებს და ქვეყანა მრავალი მიმართულებით ევროპის საუკეთესო ოც სახელმწიფოს შორის იკავებს ადგილს, კრიტიკა აშკარად პოლიტიკური მიზნებით არის ნაკარნახევი.

ამავე დროს, მოლდოვა, რომელიც კვლავაც დსთ-ის წევრია და დემოკრატიული სტანდარტებით საქართველოს აშკარად ჩამორჩება, ევროკავშირის მხრიდან მუდმივი შექების ობიექტად რჩება. ეს ორმაგი სტანდარტების ნათელი მაგალითია და მკითხველს აძლევს საფუძველს დაფიქრდეს: რამდენად ემთხვევა ევროკავშირის დღევანდელი პოლიტიკა იმ ფასეულობებს, რომლებზეც თავად იყო აგებული მისი ისტორიული იდეა“, - წერს ნოდარ ბოკერია.