Loading data...
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ყვარელში „ილიაობის“ ტრადიციულ დღესასწაულზე შვილებთან ერთად იმყოფებოდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ყვარელში „ილიაობის“ ტრადიციულ დღესასწაულზე შვილებთან ერთად იმყოფებოდა.

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ალადაშვილთან, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგო.

მიხეილ ყაველაშვილმა ტრადიციული დღესასწაულის ფარგლებში სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული პავილიონები დაათვალიერა და ყვარლის მოსახლეობასა და დღესასწაულზე ჩამოსულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ილია ჭავჭავაძე არის ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება სამშობლოს მიუძღვნა.

„ილია ჭავჭავაძე არის ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება სამშობლოს მიუძღვნა. რომ არა ილია ჭავჭავაძე და მისი თანამოაზრენი, რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ ვერ ვიქნებოდით ისე მყარად, როგორც დღეს ვართ, ვერ ვისაუბრებდით ჩვენს ენაზე, ვერ დავიცავდით ჩვენს მამულს, სამშობლოს და არ ვიქნებოდით ქრისტიანები. იმდენად დიდი როლი შეასრულა ჩვენი საქართველოს ისტორიაში, ჩვენს ცხოვრებაში ამ უდიდესმა პიროვნებამ, რომ შეუძლებელია მის გარეშე საქართველოს წარმოდგენა. სანამ საქართველო იარსებებს, აუცილებლად იარსებებს იდეა, რომელიც იმ ძნელბედობის ჟამს, იმპერიის მარწუხებში ჩვენმა დიდმა ილია ჭავჭავაძემ შექმნა, ამ ბუმბერაზმა ერისკაცმა. კაცმა, რომელმაც დაგვიტოვა საუნჯედ მნიშვნელოვანი პოსტულატები: „მამული, ენა, სარწმუნოება“, „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“, სწორედ ამ პოსტულატებზე დგას ჩვენი თანამედროვე სახელმწიფოც. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა ეკლესიამ ილია ჭავჭავაძე წმინდანად შერაცხა როგორც წმინდა ილია მართალი, რადგანაც მთელი თავისი ცხოვრება მან სამშობლოს სიყვარულს შესწირა და როგორც სანთელი, ისე დაიწვა სამშობლოს სიყვარულში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ადგილობრივი დამთვალიერებლებისა და ქალაქის სტუმრებისათვის კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ილია ჭავჭავაძის 188-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გალაკონცერტით დასრულდება.