Loading data...
ნანა კაკაბაძე: მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიით დააჯილდოვეს არა ჟურნალისტური საქმიანობისთვის, არამედ იმისათვის, რომ პოლიციელს სილა გაარტყა - პრემიის მიცემა იმ პოზიციის წახალისებაა, რომელიც გულისხმობს ხელისუფლების “მშვიდობიან” დამხობას, მაიდანიზაციას, სახელმწიფო შენობებზე შტურმის მოწყობას, სამართალდამცველების დაბულინგებას და დისკრედიტაციას

„ჟურნალისტი მზია ამაღლობელი სახაროვის სახელობის პრემიით დააჯილდოვეს. ოღონდ არა ჟურნალისტური საქმიანობისთვის, თუნდაც, ხელისუფლების მამხილებელი სტატიებისთვის ან კორუფციისა თუ სხვა დანაშაულების წინააღმდეგ გალაშქრებისთვის, არამედ იმისათვის, რომ პოლიციელს სილა გაარტყა და მერე მთელი ერთი წლის განმავლობაში იძახდა, მართალია, სწორად არ მოვიქეცი, მაგრამ დანაშაული არ ჩამიდენიაო“, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ნანა კაკაბაძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, საზოგადოება ხედავს, რომ სახაროვის პრემიის გადაცემით, დასავლეთმა წაახალისა ხელისუფლების „მშვიდობიანი“ დამხობის და მაიდანიზაციის მცდელობები, სამართალდამცველების შეურაცხყოფა, ბულინგი და მათთვის მაქსიმალურად ხელის შეშლა.

კაკაბაძის თქმით, საერთაშორისოდ დადგენილი სტანდარტით, დაუშვებელია უფლებების დამცველად წარმოჩინდეს სამართალდამცავზე ხელის აღმმართველი ადამიანი, თუმცა, „დაუძინებელმა მეგობრებმა“ ეს ნონსენსი მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით დაუშვეს, ვინაიდან, ამაღლობელის ჟესტი იყო არა სიმბოლური, არამედ, სამართალდამცველებისა და სახელმწიფოს დაკნინებისკენ მიმართული ქმედება.

მზია და სახაროვის პრემია

ჟურნალისტი მზია ამაღლობელი სახაროვის სახელობის პრემიით დააჯილდოვეს. ოღონდ არა ჟურნალისტური საქმიანობისთვის, თუნდაც ხელისუფლების მამხილებელი, სტატიებისთვის ან კორუფციისა თუ სხვა დანაშაულების წინააღმდეგ გალაშქრებისთვის, არამედ იმისათვის, რომ პოლიციელს სილა გაარტყა და მერე მთელი ერთი წლის განმავლობაში იძახდა, მართალია, სწორად არ მოვიქეცი, მაგრამ დანაშაული არ ჩამიდენიაო.
ყველა ხედავს, რომ პრემიის მიცემა არა ჟურნალისტური საქმიანობის შეფასება ან დაფასებაა, არამედ იმ პოზიციის წახალისება, რომელიც გულისხმობს ხელისუფლების „მშვიდობიან” დამხობას, მაიდანიზაციას, პარლამენტისთვის ცეცხლის წაკიდებას, სახელმწიფო შენობებზე შტურმის მოწყობას, სამართალდამცველებისადმი წინააღმდეგობის გაწევას, მათ დაბულინგებას, დაცინვას, დისკრედიტაციას, მათთვის მაქსიმალური დისკომფორტის შექმნას და ხელის შეშლას.

წესრიგის დამცავი პოლიციელისადმი, მზია ამაღლობელის მიერ სილის გაწვნა ჩვენმა „დაუძინებელმა მეგობრებმა“ დასავლეთში, ასევე მათმა აგენტურამ საქართველოში, პირდაპირ გააიგივეს ხელისუფლებისადმი სილის გაწნასთან.

ამის გაბედვა, თანაც ქალის მიერ გმირობის ტოლფას ქმედებად წარმოაჩინეს და ამ ქმედების საერთაშორისო გაპიარებისთვის არაფერი დაიშურეს.
საერთაშორისოდ დადგენილი სტანდარტით, დაუშვებელია უფლებების დამცველად წარმოჩინდეს სამართალდამცავზე ხელის აღმმართველი ადამიანი.

ჩვენმა „დაუძინებელმა მეგობრებმა“ ეს ნონსენსი მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით დაუშვეს, ვინაიდან ყველას ესმის, რომ ეს იყო მხოლოდ სიმბოლური ჟესტი, მიმართული სამართალდამცველების (=ხელისუფლების) დაკნინებისკენ.

სწორედ ამიტომ აღფრთოვანდნენ მაშინვე საქართველოს ხელისუფლების დამხობის მეოცნებენი და გმირობად წარმოაჩინეს, მთელ მსოფლიოში კრიმინალად მიჩნეული ქმედება.

ქართველი ფსევდოლიბერალების უცხოელმა პატრონებმა, კარგად იციან, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოებში დამკვიდრებული სტანდარტის მიხედვით პოლიციელის მიმართ ასეთი ქმედებისთვის, მოქალაქეს (თუნდაც ქალს), როგორც მინიმუმ იქვე საპასუხო ძლიერი დარტყმით გათიშავდნენ (ასეთი კადრები არაერთი გვინახავს უცხოეთიდან).

ჩვენთვის ქართველებისთვის მძიმე ფაქტია ის რომ, ე.წ. ადამიანის უფლებათა ექსპერტებმა, არაჯანმრთელი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენთან სხვა სტანდარტით შეაფასეს ეს ქმედება და წამახალისებელი ჯილდოც მიაკუთვნეს პოლიციელზე ხელის აღმმართველს.

ეს აუხსნელი მოვლენა, ქართველებს აღარ გვიკვირს, ვინაიდან იმ ბედნიერ დასავლეთში, ბოლო წლებში, ორმაგი სტანდარტების გამოყენება ჩვენი ქვეყნის მიმართ, არაერთხელ მომხდარა, თანაც ჩვენ ხომ ჯუნგლებად მოვიაზრებით მათ წარმოდგენებში და ამიტომ ყველაფრის გამართლება და წახალისებაა შესაძლებელი.
არცთუ დიდი ხნის წინათ სწორედ ასე ამუნათებდნენ საქართველოს ხელისუფლებას ევროპარლამენტარები, კონგრესმენები თუ სენატორები.

უნამუსობის პიკია მათი მხრიდან, როცა პარლამენტზე ან პრეზიდენტის რეზიდენციაზე შტურმი და ცეცხლის წაკიდება, საქართველოში გამოხატვის თავისუფლებად კვალიფიცირდება, ხოლო ამის ჩამდენები პოლიტპატიმრებად ცხადდებიან.
ამის პარალელურად ჩვენ ვხედავთ, ამერიკის კონგრესის შენობაზე თავდამსხმელებს როგორ ნათლავენ შიდა ტერორისტებად და მრავალწლიანი პატიმრობით როგორ უშვებენ ციხეებში.

დღევანდელი დასავლეთის, უსამართლო, „დასავლური“ სტანდარტებიდან გამომდინარე, გააჩნია მოქმედება სად და როდის ხდება, თორემ ერთი და იგივე მოვლენა ჩვენი „დაუძინებელი მეგობრების“ შეფასებით შეიძლება დანაშაულადაც ჩაითვალოს და გმირობადაც.

ამბობენ ყველაფერ ცუდს კარგიც ახლავსო. ამ ცუდ საქციელს კარგი ის ახლავს, რომ პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელისთვის პრემიის სახით მიღებული 50 ათასი ევრო ნამდვილად დიდად გამოსადეგი შეიძლება გახდეს მომავალში, ვინაიდან მისი დასავლელი მფარველების ბუნებიდან გამომდინარე, როდესაც ციხიდან გამოსული ეს ჟურნალისტი პიარისთვის აღარ დასჭირდებათ, შესაძლოა მთლად უპატრონოდ და უსახსროდ დარჩენილს, ეს თანხა მართლაც გამოადგეს“, - წერს ნანა კაკაბაძე.