კახა მიქიაშვილი დათა თავაძის სპექტაკლზე: არის რაღაცები, რაც ცდება კოლეგიალობას, პროფესიას და არის საკითხები სადაც არსებობს ელემენტარული ზღვარი! ეს თუა თანამედროვე თეატრი და ევროპა, მაშინ მე წარმოდგენა არ მქონია თეატრზე

„უამრავი სპექტაკლი გვინახავს ან გაგვიგია, სადაც სიშიშვლეა და არავის არ ჰქონია მძაფრი რეაქცია, მაგრამ არის თემები, რაც უზნეობაა! ეს თუა თანამედროვე თეატრი და ევროპა, მაშინ მე წარმოდგენა არ მქონია არც თეატრზე და არაფერზე და დე ვიყო ასე!“ - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში მსახიობი კახა მიქიაშვილი, დათა თავაძის რეჟისორობით დადგმულ სპექტაკლს, რომელიც უცენზურო გამონათქვამების, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა და ლგბტ პროპაგანდის შინაარსს ატარებს.
როგორც მსახიობი წერს, არსებობს ზღვარი, რომელსაც არ უნდა გასცდე.
„შეგნებულად არ ვაზიარებ ვიდეოს, განსაკუთრებით მხოლოდ ხმა სადაც ისმის და ტექსტი, რომლის ბოლომდე მოსმენაც კი წარმოუდგენელია! მე ძალიან ცოდვილი ვარ და არაფრით მათზე მეტი არ ვარ, არაფრით! არც სიწმინდით არც ნიჭით! მაგრამ არის რაღაცები, რაც ცდება კოლეგიალობას, მეგობრობას, პროფესიას და არის საკითხები, სადაც არსებობს ელემენტარული ზღვარი! არც სიშიშვლე უკვირს ვინმეს 21-ე საუკუნეში და არც სითამამე, უამრავი სპექტაკლი გვინახავს ან გაგვიგია, სადაც სიშიშვლეა და არავის არ ჰქონია მძაფრი რეაქცია და გახდაში არ არის საქმე და პრობლემა, მაგრამ ვიმეორებ არის თემები, რაც უზნეობაა!!!
ეს თუა თანამედროვე თეატრი და ევროპა, მაშინ მე წარმოდგენა არ მქონია არც თეატრზე და არაფერზე და დე ვიყო ასე!
ვისაც ამ შინაარსში რამე არ მოგწონთ, კოლეგებს, მეგობრებს, თანამშრომლებს, ღილაკზე ერთი თითის დაჭერით შეგიძლიათ წამშალოთ!“ - წერს კახა მიქიაშვილი.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში დათა თავაძის რეჟისორობით დადგმული სპექტაკლიდან „ლიბერტე“ აუდიონაწყვეტი გავრცელდა. შინაარსმა საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია, უცენზურო გამონათქვამების, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა და ლგბტ პროპაგანდის გამო.