გიორგი ქაჯაია: ბრიტანეთის გადაწყვეტილება, დაესანქცირებინა „იმედი“ და „პოსტ ტვ“, ბევრ კითხვას აჩენს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება მედიას და სიტყვის თავისუფლებას
ანალიტიკოსი გიორგი ქაჯაია სოციალურ ქსელში ეხმაურება დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას, სანქციები დაუწესოს ქართულ ტელეარხებს - „იმედსა“ და „პოსტივის“.
როგორც ქაჯაია წერს, გაერთიანებული სამეფოს ეს გადაწყვეტილება ბევრ კითხვას აჩენს.
„ბრიტანეთის გადაწყვეტილება, დაესანქცირებინა „იმედი“ და „პოსტ ტვ“, ბევრ კითხვას აჩენს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება მედიას და სიტყვის თავისუფლებას.
დასავლეთი წლებია, გვასწავლის დემოკრატიის, პლურალიზმის და თავისუფალი მედიის მნიშვნელობას, მაგრამ, როდესაც საქმე განსხვავებულ აზრს ეხება, რატომღაც სტანდარტები იცვლება. თუ მედია ლეგალურად ფუნქციონირებს, ქვეყანაში აქვს მაუწყებლობის ლიცენზია და მოქმედებს ადგილობრივი კანონმდებლობის ფარგლებში, სრულიად უსამართლოა ნებისმიერი შეზღუდვის დაწესება ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან. დემოკრატია თუ ნიშნავს მრავალხმიანობას, მაშინ უნდა არსებობდეს განსხვავებული პოზიციაც, თუნდაც ის ვიღაცისთვის მიუღებელი იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტთან.
მრჩება განცდა, რომ თუ აზრი ემთხვევა დასავლურ ნარატივს - მოსაწონია და ეს თავისუფლებაა, ხოლო თუ განსხვავებული აზრია, ეს უკვე პრობლემაა. დღეს დიდი ბრიტანეთი სერიოზული ღირებულებითი პრობლემის წინაშე დგას. ის ფასეულობათა სისტემა, რაზეც იდგა ეს სახელმწიფო, ეროზიას განცდის. შესაბამისად, არ არის გასაკვირი მათი ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული გადაწყვეტილებების ხილვა. ისმის კითხვა, რა არ აპატიეს ორ დამოუკიდებელ ტელეარხს საქართველოში? არ აპატიეს მიუკერძოებლობა! არ აპატიეს სიმართლის გაშუქება! არ აპატიეს ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე ყოფნა! არ აპატიეს თითოეული მოქალაქის გვერდით დგომა! არ აპატიეს რეიტინგი, რომელიც არსებობს და რომელსაც ფინანსებით ვერ იყიდი. ეს ქართველი ხალხის ამოძახილი და პოზიციაა! აი, რატომ დაასანქცირეს „იმედი“ და დაასანქცირა ქვეყანამ, რომელიც მშვიდობას და დემოკრატიას ქადაგებს, მაგრამ მათი ერთ დროს პრემიერ-მინისტრი დასავლური სამყაროს მიერ მხილებულია რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების ხელშეშლაში. ქართული არხი დაასანქცირა ქვეყანამ, რომელმაც სიცრუეზე პროპაგანდა ააგო (ვგულისხმობ „კამიტის“ თემას). ესეც ჩაივლის და კვლავ გაიმარჯვებს სიმართლე, რაოდენ დიდი არ უნდა იყოს მავანთა რიცხვი! საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, თავის კანონებით და ინსტიტუტებით, ამიტომ ყველამ უნდა გაიგოს, რომ რამდენიც არ უნდა ეცადონ, ჩვენს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას და ხალხის ხმას ვერასოდეს ჩაახშობენ. „იმედზე“ სანქციის დაწესება სამართლიან საზოგადოებაზე ზეწოლას ნიშნავს ბრიტანეთის მხრიდან!“, - წერს გიორგი ქაჯაია.