გია აბაშიძე მარკო რუბიოს განცხადებაზე: მრავალმხრივად დაკნინებული ევრობიუროკრატია ბედავს და საერთაშორისო სამართალს ასწავლის მის ლოკომოტივს - აშშ-ს
ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში, მარკო რუბიოს განცხადებას ეხმიანება, სადაც რუბიო აღნიშნავს, მას არ ჰგონია, რომ „ევროკავშირმა უნდა განსაზღვროს თუ რა არის საერთაშორისო სამართალი. ევროკავშირი ვერ გვასწავლის, როგორ უნდა დაიცვას აშშ-მა საკუთარი ეროვნული უსაფრთხოება“.
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ევროკავშირის სისტემაში დღეს ფიქსირდება ყველა ის ნიშანი, რომელიც ისტორიულად იმპერიების დასუსტებას ახასიათებს - პოლიტიკური და მორალური კრიზისი, ეკონომიკური ინერტულობა, შიდა დაპირისპირება და იდენტობის დაკარგვა.
„მრავალმხრივად დაკნინებული ევრობიუროკრატია ბედავს და საერთაშორისო სამართალს ასწავლის მის ლოკომოტივს, აშშ-ს და ამ დროს სახეზეა (ევრო)იმპერიის მილევადობის მკაფიო ნიშნები. ვითომ მორალისტი ევროკრატები უნდა იცნობდნენ იმპერიების დასუსტება - გაქრობაზე ისტორიკოსთა და სპეციალისტთა შეფასებებს. კერძოდ: პოლიტიკური დაცემა და კორუფცია; სამოქალაქო ღირსების დაკარგვა; არაეფექტური მმართველობა; შიდა მწვავე დაპირისპირება; ლეგიტიმურობის კრიზისი.
ეკონომიკური სისუსტე; დაპყრობაზე ან ექსპლუატაციაზე ზედმეტი დამოკიდებულება; უთანასწორობის ზრდა; პროდუქტიული ინოვაციების შემცირება. ჭარბი სამხედრო დაძაბულობა და ამის ფონზე მმართველობის დაკნინება; დაქირავებულ ჯარისკაცებზე ან დამხმარე ძალებზე დამოკიდებულება; დისციპლინისა და მორალის ეროზია; სამხედრო სფეროში ტექნოლოგიური სტაგნაცია.
კულტურული და მორალური გამოფიტვა; საერთო იდენტობის ან მიზნის დაკარგვა; ცინიზმი ცვლის პატრიოტიზმს; ხელოვნებისა და ინტელექტის დაკნინება; ფუძემდებელი ფასეულობებისა და სათნოებებისგან გათიშვა. გარე ზეწოლა და სისტემური შოკი, კონკურენტი ძალები ძლიერდებიან; მიგრაციის ან შემოჭრის ზეწოლა; სავაჭრო მარშრუტებზე ან რესურსებზე კონტროლის დაკარგვა; გარემოსდაცვითი ზეწოლა. ზემოაღნიშნული მახასიათებლები მრავლად და მუდმივად ფიქსირდება ევრობლოკის მმართველობაში. დასკვნების გამოტანა იოლია, დროის ამბავია“, - წერს აბაშიძე.