თურქული მედია საქართველოში C 130-ის კატასტროფის ძირითად ვერსიად ტექნიკურ გაუმართაობას ასახელებს
თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავის, С 130-ის კატასტროფის ძირითად ვერსიად მისი ტექნიკური გაუმართაობა სახელდება. ამის შესახებ თურქული გამოცემა Karar იუწყება.
კატასტროფის ადგილზე უკვე ნაპოვნია „შავი ყუთი“, რომელიც ექსპერტიზისთვის თურქეთში გადაიგზავნა. ასევე ნაპოვნია ოცივე თურქი სამხედროს ცხედარი, რომლებიც С 130-ის ბორტზე იმყოფებოდნენ. ასევე თურქეთში თვითმფრინავის კორპუსის ფრაგმენტები გააგზავნეს, რათა მათი დეტალური დათვალიერებით კატასტროფის ზუსტი მიზეზი დადგინდეს.
თურქული გამოცემა ყურადღებას ამახვილებს ავიაკატასტროფის კადრებზე, რომლებიც თვითმფრინავის ვარდნის მომენტშია გადაღებული. მასზე ჩანს, რომ C-130 ჰაერშივე დაიშალა, მისი ფიუზელაჟი, ფრთები და კუდი მიწაზე ცალ-ცალკე ეცემა. თვითმფრინავის კუდი, ფრთები და ფიუზელაჟი ერთმანეთისგან საკმაოდ შორს დაეცა. ფიუზელაჟის ფოტოები მედიაში ჯერ არ გავრცელებულა.
გამოძიების წინასწარი შედეგებით დადგინდა, რომ თავდაპირველად თვითმფრინავს კუდი მოსძვრა, ხოლო შემდეგ ამას ფიუზელაჟის წინა ნაწილის დაშლა მოჰყვა. ამის შემდეგ უკვე ფიუზელაჟის ძირითადი ნაწილი და მთლიანად თვითმფრინავი რამდენიმე ნაწილად გადატყდა.
სწორედ თვითმფრინავის კუდის მოგლეჯამ მისი მართვის დაკარგვა გამოიწვია, რის შედეგადაც თვითმფრინავის კორპუსმა დატვირთვას ვერ გაუძლო და რამდენიმე ნაწილად დაიშალა - წერს გამოცემა Karar.
თურქული გამოცემა იმასაც წერს, თუ რას შეეძლო გამოეწვია კუდის მომტვრევა და 2017 წელს მომხდარ ავიაკატასტროფას იხსენებს. მაშინ აშშ-ში ასეთივე თვითმფრინავის, C130 -ის მარცხენა ფრთაზე პროპელერი დაიშალა, შემდეგ მაღალი სიჩქარით მომუშავე მოგლეჯილი პროპელერი თვითმფრინავის ფიუზელაჟის წინა ნაწილს დაეჯახა და ის ნაწილებად დაშალა. საქართველოში მომხდარი კატასტროფის დროს კი თავდაპირველად კუდი დაზიანდა და პირველად ის იყო მოგლეჯილი, შესაძლოა, ასევე პროპელერის შეჯახების შედეგად.
ამ ვერსიას სოციალურ ქსელებში მანამდე გავრცელებული ფოტოები ამყარებს, რომელზეც C130-ის ფრთები ჩანს, რომელიც მიწაზე ეცემა. ამ ფოტოებზე ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტზე, რომ თვითმფრინავის 4 ძრავის პროპელერიდან 3 ადგილზეა, ხოლო ერთი არ ჩანს, ანუ კატასტროფის დროს ის, თვითმფრინავს მიწაზე დაცემამდე მოსძვრა და ამან საჰაერო ხომალდის სხვა ნაწილების დაზიანება გამოიწვია.
თურქული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა C 130-მა კატასტროფა 11 ოქტომბერს განიცადა. თვითმფრინავი, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთში მიფრინავდა, სიღნაღის მუნიციპალიტეტში ჩამოვარდა. მის ბორტზე მყოფი 20-ვე თურქი სამხედრო დაიღუპა.