Loading data...
გია აბაშიძე: აშშ-ის გამჭვირვალობის კანონმა FARA-მ კვლავ გამოააშკარავა „ნაცმოძრაობის“ პარაზიტული საქმიანობა - გადახდილია $360 000 ე.წ. „ლობისტობისთვის“, ანუ საქართველოს ინტერესების დაზიანებისთვის

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს მიერ „FARA“-ს კანონის საფუძველზე გამოქვეყნებულ დოკუმენტებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის დამაზიანებელ და პარაზიტულ ბუნებას კიდევ ერთხელ ამხელენ.

მისივე თქმით, დაუშვებელია, რომ საქართველოში გამჭვირვალობის კანონმდებლობის მიღების მცდელობა „რუსულს“ შეადარონ, რადგან „ფაქტია - ამერიკის „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ აქტმა არაერთხელ გამოავლინა ნაცრევანშისტების დაუოკებელი სურვილი, დიდძალი თანხებითა და ცილისმწამებლური კამპანიებით „გააშავონ“ საქართველო ვაშინგტონშიც.

„აშშ-ის გამჭვირვალობის კანონმა FARA-მ კვლავ გამოააშკარავა „ნაცმოძრაობის“ პარაზიტული საქმიანობა - გადახდილია $360 000 ე.წ. „ლობისტობისთვის“, ანუ საქართველოს ინტერესების დაზიანებისთვის. საკითხავია, საზოგადოებრივ-პოლიტიკურადაც ჩაფუშული კრიმინალი „ნაცსექტის“ სახელით, ვინ იხდის ამ ასიათასობით დოლარს? სააკაშვილის ჩეკისტი ბიძა თემურ ალასანია, თუ რომელი გარეწარი „ნაცკასირი“? მე-N-ჯერ აღარ დავიწყებ იმის განმარტებას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა ნებისმიერ თავმოყვარე სახელმწიფოში და საქართველოს როგორი მტრობაა FARA-ს კანონის ე.წ. „რუსულად“ შერაცხვა. ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანაში მსგავსი დემოკრატიული კანონმდებლობის მიღებამდე ამერიკის „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ აქტმა არაერთგზის გამოავლინა ნაცრევანშისტების დაუოკებელი ვნება, რომ დიდძალი თანხებით და უბოროტესი ტყუილებით „გააშავოს“ საქართველო ვაშინგტონშიც.

შეერთებული შტატების აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში Foreign Agents Registration Act-ის ფარგლებში რეგისტრირებული დოკუმენტის მიხედვით, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ლობისტურ კომპანია Nelson Mullins Riley & Scarborough LLP-ს 360 000 დოლარი გადაუხადა. შეთანხმება 2025 წლის 7 ივლისს გაფორმდა და კომპანიის მოვალეობად განისაზღვრა: პარტიის დიპლომატიური საქმიანობის მხარდაჭერა აშშ-ში, ურთიერთობების გაღრმავება ამერიკულ მხარესთან და დახმარება საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ წინა არჩევნები დარღვევებით და გაუმჭვირვალობით გამოირჩეოდა, რის გამოც ფირმამ ვალდებულება აიღო, განახორციელოს სტრატეგია დემოკრატიისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობის მიზნით. „მოგაწვდით კონსულტაციასა და დახმარებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დიპლომატიური საქმიანობის მხარდასაჭერად ამერიკის შეერთებულ შტატებში, მათ შორის, პარტიასა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის განვითარებას. დამატებით ჩვენ დავუჭერთ მხარს თქვენს ძალისხმევას საქართველოს რესპუბლიკაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნულია ხელშეკრულებაში“, - წერს აბაშიძე.