Loading data...
ლევან მაჭავარიანი: ადამიანი დემონსტრაციულად როდესაც არღვევს კანონს, პასუხი უნდა აგოს კანონით გათვალისწინებული სასჯელით, სამართლებრივი სახელმწიფო სხვანაირად ვერ აშენდება

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო და, შესაბამისად, კანონი უნდა მოქმედებდეს, მუშაობდეს და მისი აღსრულება უნდა ხდებოდეს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ლევან მაჭავარიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

მაჭავარიანმა უპასუხა წამყვანის შეკითხვას: იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ არის დაძაბული წინასაარჩევნო ფონი, რამდენად სწორია ფაქტებზე სამართლებრივი რეაგირების ფორმები, რადგან კახა კალაძის ბანერს უკავშირდება ორი ადამიანის, სამოქალაქო აქტივისტის დაკავება, შემდეგ კი უკვე დააკავეს ელენე ხოშტარია, რომლის მიმართ სისხლის სამართლის წესით არის ბრალდება წაყენებული, ის გირაოს გადახდაზე უარს ამბობს და რამდენად სწორია „კოალიცია ცვლილებებისთვის“ უკვე მეოთხე ლიდერის ციხეში ყოფნა?

„რატომ ვიღებთ კანონებს, ხომ? როდესაც შენ რაღაც პრეცედენტს დაუშვებ, როდესაც კანონი არ სრულდება, ამ შემთხვევაში მაგალითს აძლევ კიდევ სხვა პოტენციურ დამნაშავეებს, რომ იგივე ჩაიდინონ. მოგიტრიალდებიან და გეტყვიან, ერთი ადამიანი რომ არ დაიჭირე, მე რატომ მიჭერო, ხომ? შესაბამისად, თქვენ თქვით, რამდენიმე ლიდერი არის დაკავებულიო, მაგრამ განზრახ ჩადიან დანაშაულს, რამდენიმეს აქვს დემონსტრაციულად დარღვეული კანონი, აბსოლუტურად ყველა მათგანმა იცოდა, თუ რა სასჯელი მოჰყვებოდა ამ კანონდარღვევას და, ასე ვთქვათ, თავიანთი ფეხით შევიდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

ქალბატონ ხოშტარიასთან დაკავშირებით ვიცით, რომ გირაოსაც არ იხდის. მას შეუძლია, გირაო გადაიხადოს, მაგრამ მას უნდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდეს. რატომ უნდა, ეს მეორე საკითხია. დანარჩენებზე რომ ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, ისინი გარე დავალებებით მოქმედებდნენ.

მათმა უფროსებმა ვერ გათვალეს ის, რომ მათი პარლამენტს მიღმა დატოვება თვითონ მათთვისვე იქნებოდა კონტრპროდუქტიული, ვინაიდან მათ გარე უფროსებს ეგონათ, რომ ჩვენ რაღაც კომპრომისებზე წავიდოდით, მაგრამ არასწორი გათვლა გააკეთეს და ოპოზიცია დატოვეს ქუჩაში, შემდეგ, მათივე მითითებით, ისინი შევიდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, აზიანებს თუ არა ეს ხელისუფლებას, როცა რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი წინასაარჩევნოდ არის ციხეში, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ეს გასაგებია, თუმცა ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ყველაფერი არის ნათელი და თუ ვინმე მიკერძოებული არ არის, კითხვის ნიშანიც არ უნდა უჩნდებოდეს, თუ რატომ იმყოფებიან ეს ადამიანები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რადგან იქ თავიანთი ფეხით არიან შესული.

„როდესაც ადამიანი დემონსტრაციულად არღვევს კანონს, მნიშვნელობა არ აქვს, ის ოპოზიციის ლიდერია, პოლიტიკოსია, ჟურნალისტია თუ ჩვეულებრივი უმუშევარი ადამიანია. რა თქმა უნდა, მან პასუხი უნდა აგოს კანონით გათვალისწინებული სასჯელით. სამართლებრივი სახელმწიფო სხვანაირად ვერ აშენდება და ვერც იფუნქციონირებს. მაშინ სხვანაირად, ნებისმიერ ქვეყანაში იქნება ქაოსი და იქნება ანარქია, ამას არასდროს არ დავუშვებთ. ჩვენ ვართ შემდგარი, სუვერენული, დამოუკიდებელი და სამართლებრივი სახელმწიფო“, - აცხადებს მაჭავარიანი.

გადაცემის წამყვანმა სტუმარს ბრიუსელიდან ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადება შეახსენა, სადაც ის ამბობს, რომ მხარს უჭერს ელენე ხოშტარიას და ყველა უსამართლოდ დაკავებულ პოლიტპატიმარს, ჟურნალისტს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელს, რაზეც ლევან მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის ლიდერებმა სწორედ ამიტომ მიიღეს დავალება, კანონი დაერღვიათ და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესულიყვნენ, რათა მეტი სალაპარაკო მისცემოდათ ევრობიუროკრატებს, რომლებისგანაც მიჩვეული ვართ აბსურდზე საუბარს.

„რას ნიშნავს უსამართლოდ დაკავებული? მათ ქვეყანაში რომ ანალოგიური მოხდეს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ აღმოჩნდება ის პირი, მნიშვნელობა არ აქვს, პოლიტიკოსია თუ სხვა პროფესიის ადამიანი? რა თქმა უნდა, აღმოჩნდება. შესაბამისად, სიტყვა უსამართლობაში უკვე იკითხება, როგორი უსამართლო დამოკიდებულება არის იქიდან და როგორი აბსურდული დამოკიდებულება არის. ამას ჩვენ არ გავატარებთ, გამორიცხულია.

ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი დღის წესრიგით. ეს დღის წესრიგი არის, რომ კანონი მოქმედებს და კანონი არის აბსოლუტურად ყველასთვის, კანონის წინაშე ყველანი თანასწორები ვართ. მათ რომ სურთ, გარე დავალებებით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აღმოჩნდნენ პოლიტიკოსები, რათა მეტი სალაპარაკო მიეცეთ, ამით მაინც არაფერი არ გამოსდით, იქიდან გამომდინარე, რომ რაც უკრაინაში ომი დაიწყო და რაც ეს უსამართლობის ნიაღვარი წამოვიდა, ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან კარგად არჩევს თეთრს და შავს; ხუთი წლის წინ თუ ვიღაც ევროპარლამენტარი რაღაცას იტყოდა, იმას ქართველთა უმრავლესობა დაიჯერებდა, იმიტომ, რომ ის ევროპარლამენტარია, დღეს ასე აღარ უყურებენ საკითხს ქართველები. 

ევროპაშიც, ამერიკაშიც, ჩრდილოეთშიც, სამხრეთშიც, აღმოსავლეთშიც და დასავლეთშიც – ყველგან არიან კეთილსინდისიერი ადამიანები და პოლიტიკოსებიც და ყველგან არიან მატყუარა ადამიანები და პოლიტიკოსებიც. ჩვენმა მოქალაქეებმა ამის გარჩევა ძალიან კარგად ისწავლეს და აქედან გამომდინარე გვაქვს ამხელა მხარდაჭერა. ზუსტად ეს იყო ასახული წინა არჩევნებზე“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ლევან მაჭავარიანმა, ასევე, განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილმა დემონსტრაციულად დაარღვია კანონი, როდესაც ის განუწყვეტლივ ქრთამს სთავაზობდა, ერთი მხრივ, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს და, მეორე მხრივ, საუბრობდა სახელმწიფო დამხობაზე.

„ბატონ არჩილ გორდულაძეს აქვს შესანიშნავი პოსტი დაწერილი, სადაც პირდაპირ არის მითითებული, კანონის რომელი მუხლი და რომელი პუნქტი აქვს დარღვეული. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ის იყო დასაკავებელი. ჩვენ არ ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში რიგით მოქალაქესთან, რომელსაც აბსოლუტურად არანაირი რესურსი არ გააჩნია და მან რომ ასეთი მოწოდებები გააკეთოს, შეიძლება, რაღაც პერფორმანსში ჩავუთვალოთ.

ჩვენ ვსაუბრობთ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეზე, რომელსაც, რა თქმა უნდა, ფულადი რესურსიც გააჩნია, რომ ის ქრთამის შეთავაზება სისრულეში მოიყვანოს და, რომელსაც, რა თქმა უნდა, იმის რესურსიც გააჩნია, რომ ქაოსი შემოიტანოს ქვეყანაში. შესაბამისად, რელევანტურია ეს პიროვნება ამ ყველაფრისთვის და არ ვსაუბრობთ ისეთ ადამიანზე, რომელმაც შეიძლება, უბრალოდ კეკლუცობა დაიწყოს და ასეთი განცხადებები გააკეთოს“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

შეკითხვაზე, როგორ უპასუხებს ოპონენტთა შეფასებას, რომლებმაც ჩათვალეს, რომ ლევან ხაბეიშვილის დაკავება იყო მისი განეიტრალება, რადგან ის 4 ოქტომბრის აქციის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ოპოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს, ხაბეიშვილი ატყუებდა „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს, რომ ეს გეგმა ჰქონდა თუ ხაბეიშვილი არ არის მატყუარა და, რეალურად, ეს გეგმა ჰქონდა?

„ჯერ ამაზე ჩამოყალიბდნენ და თქვან, ხაბეიშვილი იტყუებოდა და ატყუებდა „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს, ვისაც ამას ჰპირდებოდა და დაარქვან მატყუარა, მხოლოდ თუ მატყუარა არ არის, მაგ შემთხვევაში, ე.ი, ხაბეიშვილი რეალურად ამ ყველაფერს გეგმავდა, ხომ?“ - დასძინა მმართველი გუნდის დეპუტატმა.