დავით ქართველიშვილი: საუბარი არ არის იმაზე, „მოინდომებენ თუ არა“ აზერბაიჯანი და სომხეთი ახალ დაპირისპირებას, საუბარია იმაზე, რომ ისინი ადრე თუ გვიან აღმოჩნდებიან სიტუაციაში, სადაც სხვა არჩევანი შესაძლოა აღარ დარჩეს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს ერევანსა და ბაქოში.
ანალიტიკოსი წერს, რომ ამერიკის ეს ნაბიჯი შესაძლოა იყოს აშშ-ს მხრიდან მცდელობა, შექმნას კრიზისი სამხრეთ კავკასიაში.
დავით ქართველიშვილი ხაზს უსვამს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანი ამერიკისგან მიიღებენ დაპირებებს, რაც, თავის მხრივ, ბუნებრივ რეაქციას წარმოშობს:
„როგორც კი ერთი მხარე მიიღებს იმაზე ნაკლებს, ვიდრე ელოდა, იმედგაცრუება მყისიერად გადაიქცევა აგრესიად არა ვაშინგტონის, არამედ მეზობლის მიმართ. პირდაპირი ჩარევის ნაცვლად, აშშ მიიღებს მართვად დაპირისპირებას“, - წერს ქართველიშვილი.
ანალიტიკოსის სიტყვებით, დაპირისპირება სამხრეთ კავკასიაში რუსეთს აძლევს შესაძლებლობას, თავი წარმოაჩინოს ამერიკის ალტერნატიულ ძალად.
„დაგვრჩა ერევანსა და ბაქოში ჯეი დი ვენსის ვიზიტის შესახებ ანალიტიკურ „ტრილოგიაში“, მესამე და საბოლოო, კონსპიროლოგიური ვერსიის განხილვა და ამით დავასრულოთ. კონსპიროლოგიის თანახმად, ის არ წარმოადგენს არც სამშვიდობო მისიას და არც რეგიონული სტაბილიზაციის მცდელობას. ეს ვერსია გამომდინარეობს ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დანერგილი მართვის საყვარელი ფორმიდან - კონტროლირებადი ქაოსის დამყარებიდან იმ გეოპოლიტიკურ სივრცეში, რომელსაც აქამდე აშშ ნაკლებად აკონტროლებდა, ვინაიდან სხვა აქტორების გავლენის ზონას წარმოადგენდა. აქ კი თამაშში ერთვება ტრამპის საყვარელი ფორმულა: „სხვის ხელში ჩემს მიერ არაკონტროლირებად სტაბილურობას, ჩემს ხელში კონტროლირებადი არასტაბილურობა მირჩევნია“.
ამ ვერსიიდან გამომდინარე, დი ვენსის ვოიაჟი ჩვენს რეგიონში, კლასიკური წინასწარი დაზვერვაა, კონტროლირებადი კრიზისის დაწყებამდე. აქ აშშ მოქმედებს უკვე კარგად ნაცადი სქემით: თითოეულ მხარეს ცალ-ცალკე ჰპირდება მაქსიმუმს, არაფერს აფიქსირებს იურიდიულად და შემდეგ მოქმედებაში მოჰყავს პროცესი, რომელშიც ორივე მხარე, ადრე თუ გვიან, გარდაუვალად იგრძნობს თავს მოტყუებულად.
ცრუ ავანსების გაღება, კონფლიქტის ინსტრუმენტის ნაცადი მაგალითია.
სომხეთს ჰპირდებიან უსაფრთხოებას, პოლიტიკურ მფარველობას, ინვესტიციებსა და „ევროპულ პერსპექტივას“. აზერბაიჯანს - სტრატეგიულ პარტნიორობას, რეგიონულ დერეფნებში როლის გაძლიერებას, ტექნოლოგიებსა და ბაზრებზე წვდომას. ეს დაპირებები თავისი არსით გამოიწვევენ ბუნებრივ რეაქციას: როგორც კი ერთი მხარე მიიღებს იმაზე ნაკლებს, ვიდრე ელოდა, იმედგაცრუება მყისიერად გადაიქცევა აგრესიად არა ვაშინგტონის, არამედ მეზობლის მიმართ. პირდაპირი ჩარევის ნაცვლად, აშშ მიიღებს მართვად დაპირისპირებას.
აშშ არსად არ არის დაინტერესებული პირდაპირი ომით, თუმცა როგორც ამაზე არაერთხელ გავამახვილეთ ყურადღება, უკიდურესად დაინტერესებულია მუდმივი არასტაბილურობით და კონტროლირებადი ქაოსით, რომელიც:
აბრკოლებს რეგიონს, ბლოკავს დამოუკიდებელ შეთანხმებებს, არ აძლევს შესაძლებლობას, ჩამოყალიბდეს მდგრადი უსაფრთხოების არქიტექტურა გარე „გამპრავებელი არბიტრის“ გარეშე. ამ „არბიტრის“ როლის მორგება საკუთარ თავზე და ისეთი ტრადიციული რეგიონალური არბიტრების დასუსტება, როგორიც არის საფრანგეთი, რუსეთი, თურქეთი და დიდი ბრიტანეთი, დღეს უკვე დაუფარავად უნდა აშშ-ს.
ამ კონსპიროლოგიურ სცენარში აზერბაიჯანი და სომხეთი შეიძლება გადაიქცნენ დიდი გეოპოლიტიკური ვაჭრობის სახარჯ მასალად. ამასთანავე, ძველი გარე მოთამაშეები (არბიტრები) არსად არ გაქრებიან და ეს მხოლოდ დაამძიმებს გარდაუვალ კონფლიქტს.
ილუზია, თითქოს ვინმე „უკან დაიხევს“, უკიდურესად სახიფათოა: საფრანგეთი - არ მიატოვებს სომხეთს (ზედმეტად დიდი პოლიტიკური კაპიტალია ჩადებული დიასპორაში); თურქეთი არ მიატოვებს აზერბაიჯანს (ეს სტრატეგიის, ენერგეტიკისა და რეგიონული წონის საკითხია). შედეგად, დაძაბულობის ნებისმიერი ახალი ტალღა ავტომატურად მიიღებს საერთაშორისო ხასიათს. ეს კი უკვე აღარ არის ლოკალური კონფლიქტი - ეს არის მრავალმხვრივი პროქსი-დაპირისპირება.
არ დაგვავიწყდეს რუსეთის ფაქტორიც: ამ ფონზე რუსეთი არა მხოლოდ ხელს არ შეუშლის პროცესს, ის მას ყურადღებით და მშვიდად დააკვირდება. აშშ-ს მიერ ინსპირირებული და კონტროლირებადი ახალი კონფლიქტი ბაქოსა და ერევანს შორის ასუსტებს დასავლურ გავლენას რეგიონში, დისკრედიტაციას უკეთებს „მშვიდობისმყოფელი“ აშშ-ს რიტორიკას და აძლიერებს რუსეთისთვის საკუთარ ალტერნატიულ მიმზიდველ პოზიციებს.
ეს იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ესკალაცია ერთდროულად რამდენიმე ძალის ინტერესებს ემთხვევა, გარდა თავად კონფლიქტის მონაწილეებისა. და რაც მთავარია, რეგიონში გამავალი ჩინეთის საერთაშორისო პროექტების უსაფრთხოების გასაღები, გადავა აშშ-ს ხელში, რომელიც გააკონტროლებს რეგიონალურ ვითარებას საკუთარი ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებით და, რა თქმა უნდა, არა უსასყიდლოდ. ამ შემთხვევაშიც, კონფლიქტი გამოყენებული იქნება, როგორც ამერიკული ინტერესების გატარების ტექნოლოგია.
საუბარი არ არის იმაზე, „მოინდომებენ თუ არა“ აზერბაიჯანი და სომხეთი ახალ დაპირისპირებას. საუბარია იმაზე, რომ ისინი ადრე თუ გვიან აღმოჩნდებიან სიტუაციაში, სადაც სხვა არჩევანი შესაძლოა აღარ დარჩეს. მოტყუებული მოლოდინები, ასიმეტრიული დაპირებები და გარე გარანტიები ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე - ეს არის რეცეპტი, რომლის მიხედვით ქვეყნები არა უბრალოდ ეჩხუბებიან ერთმანეთს, არამედ იწყებენ ერთმანეთის შთანთქმას ისე, რომ „ვერც კი ამჩნევენ“, თუ ვინ გაუშალა მათ ეს მახე. და როდესაც ეს პროცესი დაიწყება, ვაშინგტონში ტრადიციულად მხრებს აიჩეჩავენ და იტყვიან: „ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო, ჩვენ შევაჩერეთ მათ შორის მიმდინარე 35-წლიანი ომი, მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი“.
კავკასიაში კი კარგად იციან, როგორ სრულდება ჩვეულებრივ ასეთი განცხადებები. თუმცა, ამ ვერსიასაც ძალიან რეალისტურ ჭრილში ნუ განვიხილავთ, ჩვენ თავშივე შევთანხმდით, რომ ეს მხოლოდ კონსპიროლოგიური ვერსიაა, ჩვენ კი ჩვენს რეგიონალურ მეზობლებს მაქსიმალურად წარმატებული შეხვედრები ვუსურვოთ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან. თუ რამეა, ჩვენ არსად არ გავქრებით და ტრადიციულად, მათ გვერდით ვიქნებით, როგორც კი დავჭირდებით, მსგავს სიტუაციებთან გამკვლავების ჩვენი ასეთი მდიდარი დაგროვებული გამოცდილებით“,- წერს დავით ქართველიშვილი.