დავით ქართველიშვილი: ცენტრალური ევროპა თვითონ პოზიციონირებს, როგორც ევროპული პოლიტიკური ცენტრი, და არა როგორც პერიფერია და სწორედ, ასეთი ევროპა გახდება საქართველოსთვის მისი პოლიტიკური მისწრაფებების მიზიდულობის ცენტრი
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ვაშინგტონში ვიქტორ ორბანის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„ეს არის ევროკავშირის ტრანსფორმაციის დასაწყისი და ახალი ბალანსის გადანაწილება მის შიგნით. ორბანს ვაშინგტონიდან ჩამოაქვს ბრიუსელისთვის მეტად მტკივნეული შედეგები: მიგრაციული გადაწყვეტილებები აღარ იქნება ავტომატური და დიქტატორული; ვეტოს უფლება გადაიქცევა ყოველდღიურ ინსტრუმენტად; ბრიუსელს მოუწევს თავის წევრებთან მოლაპარაკება, და არა კარნახი“, - განაცხადა ანალიტიკოსმა და აღნიშნა, რომ ორბანის ვიზიტმა აჩვენა, რომ არის მეორე ევროპა, რომელიც არის აქტიური, ორგანიზებული, იცავს საკუთარ საზღვრებს და ამტკიცებს საკუთარი გადაწყვეტილებების სუვერენიტეტს.
„გრძელდება ჩემი არაერთი პროგნოზის და მოლოდინის ხორცშესხმა. ვიქტორ ორბანი ვაშინგტონიდან დაბრუნდა, როგორც დონალდ ტრამპისგან „ხელდასხმული“ ევროპის ალტერნატიული მოდელის ლიდერი. ბრიუსელმა კი, ეს მკაფიოდ და მტკივნეულად დაინახა. ვიზიტის ძირითადი სიგნალი იყო: ევროკავშირის ბიუროკრატიის მონოპოლია „ევროპული ნორმის“, „ევროპული ფასეულობების“ და „ევროპული ტრადიციების“ განსაზღვრაზე დასრულდა, რაც ევრობიუროკრატიის წიაღში ადრე „პოპულიზმად“ ითვლებოდა, ახლა უკვე პოლიტიკურ ალტერნატივად აღიქმება.
სწორედ, ამ ევრომავნებლების და ევროკორუფციონერების ხელში, ევროკავშირი დღეს აღმოჩნდა ახალ რეალობაში: ევროპის საზღვრებზე მიმდინარეობს ომი; გერმანია, წარსულში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი სამრეწველო ზონა, კრიზისში შევიდა; საფრანგეთი შიდა პროტესტებისგან გადაღლილია; იტალია ღიად ბლოკავს ბრიუსელის მიგრაციულ დირექტივებს და ა.შ. და სწორედ, ამ მომენტში, ორბანი ვაშინგტონში ჩადის და იღებს: 1) პოლიტიკურ ლეგიტიმაციას, 2) ცენტრალური ევროპის სახელით მოლაპარაკების წარმართვის უფლებას, 3) სტატუსს - არა დამნაშავის, თუ მოღალატის, არამედ პარტნიორის. და მის უკან - არა მხოლოდ უნგრეთი, არამედ, როგორც მინიმუმ: ჩეხეთი, სლოვაკეთო, ავსტრია, ხვალინდელი პოლონეთი და ბალკანეთია. ბრიუსელისთვის კი ეს - ცივი შხაპია.
ცენტრალური ევროპა წყვეტს თავისი საბჭოური გაგებით -„უმცროსი ძმის“ სტატუსს. ორბანის ლიდერობით, ჩამოთვლილი სახელმწიფოები ქმნიან იმას, რასაც უკვე კულუარებში უწოდებენ: „ზურგის ევროპას“ და „რეალური ნაციების“ ევროპას. ეს არის ევროკავშირის ტრანსფორმაციის დასაწყისი და ახალი ბალანსის გადანაწილება მის შიგნით. პრაქტიკული თვალსაზრისით, ორბანს ვაშინგტონიდან ჩამოაქვს ბრიუსელისთვის მეტად მტკივნეული შედეგები: მიგრაციული გადაწყვეტილებები აღარ იქნება ავტომატური და დიქტატორული; ვეტოს უფლება გადაიქცევა ყოველდღიურ ინსტრუმენტად; ბრიუსელს მოუწევს თავის წევრებთან მოლაპარაკება, და არა კარნახი.
ამით, ევროკომისია და ურსულა ფონ დერ ლაიენი კარგავენ თავის მორალურ უპირატესობას. ხდება ბრიუსელის მმართველობის იდეის („ვინც ჩვენ არ გვეთანხმება - ის ეწინააღმდეგება ევროპას“) სრული კრახი და მსხვრევა. ორბანის ვიზიტმა აჩვენა, რომ არსებობს კიდევ ერთი ევროპა და ის აქტიურია, ორგანიზებულია და ჰყავს ძლიერი გარე პარტნიორები. ეს ევროპა: იცავს საკუთარ საზღვრებს; ამტკიცებს თავისი გადაწყვეტილებების სუვერენიტეტს; ეროვნულ, კულტურულ და რელიგიურ კოდს აყენებს უფრო მაღლა, ვიდრე „გლობალურ მოქალაქეობას“. ორბანმა არა მხოლოდ გაანულა ბრიუსელის სახელმძღვანელო სცენარი, მან აჩვენა როგორ შეიძლება ბიუროკრატიული დამოკიდებულების გარღვევა, ევროკავშირიდან გამოსვლის გარეშე.
ეს არის პრეცედენტი და ამ პრეცედენტის შექმნაში ყველაზე დიდი და მტკივნეული წვლილი პატარა საქართველომ შეიტანა, რომელსაც ზუსტად ამისთვის სჯიან, მაგრამ დღეიდან ამის გაგრძელდება გაუჭირდებათ. დღეს სუვერენიზაციის მუხტი უკვე ევროპის შუაგულშია და მისი დამარცხება გამორიცხულია. თუ ადრე ცენტრალური ევროპა დუმილით იტანდა „ცენტრალიზაციას ერთიანობის სახელით“, ახლა იგი თვითონ პოზიციონირებს, როგორც ევროპული პოლიტიკური ცენტრი, და არა როგორც პერიფერია. და სწორედ ასეთი ევროპა გახდება საქართველოსთვის მისი პოლიტიკური მისწრაფებების მიზიდულობის ცენტრი“, - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.