Loading data...
ჯეიჰუნ ბაირამოვი: აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 44-დღიანი ომის დროს, 2020 წელს, მაკრონი ალიევს ყარაბაღის აღიარებით ემუქრებოდა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ 2020 წელს, როდესაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 44-დღიანი ომი დაიწყო, რომელიც „ყარაბაღის მეორე ომის“ სახელით არის ცნობილი, აზერბაიჯანზე სერიოზული პოლიტიკურ-დიპლომატიური ზეწოლა განხორციელდა და ფრონტზე აზერბაიჯანელების წარმატებებთან ერთად, ეს ზეწოლა გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდა. ამის შესახებ ბაირამოვმა აზერბაიჯანის საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში განაცხადა. ინფორმაციას media.az ავრცელებს.

მისი თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს,  ილჰამ ალიევს რამდენჯერმე დაურეკა და დაემუქრა. კერძოდ, მაკრონი ალიევს დაემუქრა, რომ თუ აზერბაიჯანი არ გაჩერდებოდა, საფრანგეთი მთიან ყარაბაღს აღიარებდა.

„საფრანგეთის პრეზიდენტი გვეუბნებოდა: თქვენ დაუყოვნებლივ უნდა გაჩერდეთ. თუ ეს არ მოხდა, საფრანგეთი მთიან ყარაბაღს აღიარებს. მაშინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მაკრონს უპასუხა, რომ საფრანგეთს შეუძლია ეს გააკეთოს, მაგრამ აზერბაიჯანული მხარისთვის არაფერი შეიცვლება. ამასთანავე, საფრანგეთის ხელისუფლება დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ბაქო პარიზთან ყოველგვარ დიპლომატიურ ურთიერთობებს გაწყვეტს“, - განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ბაქო 2018 წელს სომხეთის ახალი მთავრობისგან, რომელსაც ნიკოლ ფაშინიანი ჩაუდგა სათავეში, კონფლიქტის საკითხში კონსტრუქციულ მიდგომას იმედოვნებდა, თუმცა, ამის ნაცვლად, სომხეთის მხრიდან მუდმივ სამხედრო და პოლიტიკურ პროვოკაციებს ჰქონდა ადგილი.