დავით ქართველიშვილი პოლონეთის აქციებზე: ყველაფერი უფრო და უფრო ჰგავს კარგად დაგეგმილ სპეცოპერაციას, რომლის მიზანიც სახელმწიფო ინსტიტუტებზე სრული კონტროლის დამყარებაა
„დონალდ ტუსკის მთავრობა ევროპული ლიბერალური წრეების მხარდაჭერით თანმიმდევრულად ასუსტებს იმ ეროვნულ ინსტიტუტებს, რომლებსაც ჯერ კიდევ შეუძლიათ პოლონეთის დამოუკიდებელი პოზიციის დაცვა“, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და პოლონეთში მიმდინარე პროცესებს აფასებს.
დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ ბრიუსელი და ევრობიუროკრატია პოლონეთს სუვერენული პოლიტიკური მოთამაშიდან მათი გადაწყვეტილებების შემსრულებლად საბოლოოდ აქცევს.
„და, აი, ისიც - პოლონეთი, ვითარცა ალუბალი ევროპულ ტორტზე, პოლონეთი, რომელიც სულ უფრო ღრმა პოლიტიკურ კრიზისში იძირება. საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობის ღამით ძალოვანი სტრუქტურების მიერ ალყაში მოქცევა და პრეზიდენტის თვითმფრინავის აფრიკული ტურნედან სასწრაფოდ უკან დაბრუნება უკვე აღარ არის უბრალოდ მორიგი პოლიტიკური სკანდალი. ყველაფერი უფრო და უფრო ჰგავს კარგად დაგეგმილ სპეცოპერაციას, რომლის მიზანიც სახელმწიფო ინსტიტუტებზე სრული კონტროლის დამყარებაა. „კანონის უზენაესობაზე“ ხმამაღალი საუბრის მიღმა კი იმაზე ბრძოლა იმალება, თუ ვინ მართავს სინამდვილეში ქვეყანას. დონალდ ტუსკის მთავრობა ევროპული ლიბერალური წრეების მხარდაჭერით თანმიმდევრულად ასუსტებს იმ ეროვნულ ინსტიტუტებს, რომლებსაც ჯერ კიდევ შეუძლიათ პოლონეთის დამოუკიდებელი პოზიციის დაცვა. ფაქტობრივად, ქვეყანას სუვერენული პოლიტიკური მოთამაშიდან ბრიუსელის გადაწყვეტილებების შემსრულებლად საბოლოოდ გადაქცევას უპირებენ. განსაკუთრებით სახიფათოა ის, რომ ამ დაპირისპირების ცენტრში საკონსტიტუციო ტრიბუნალი აღმოჩნდა. მისი პარალიზება გზას უხსნის იმ უკანასკნელი სამართლებრივი მექანიზმების მოშლას, რომლებიც აღმასრულებელი ხელისუფლების მოქმედებებს ზღუდავს. არასასურველი მოსამართლეების ჩამოშორება, მათ ადგილებზე ხელისუფლებისადმი ლოიალური პირების დანიშვნის მცდელობა და შემდეგ სასამართლოს ჭიშკრის გატეხვით დასრულებული ქუჩის არეულობა - ეს ყველაფერი ერთი პოლიტიკური ოპერაციის თანმიმდევრულ ნაბიჯებს ჰგავს.
შედეგად, საზოგადოებას ხელოვნურად ითრევენ დაპირისპირებაში, სახელმწიფო ინსტიტუტები კი პოლიტიკურ ბანაკებს შორის ბრძოლის მძევლები ხდებიან. ბერლინი და ბრიუსელი დაინტერესებულნი არიან, რომ ვარშავა არ დაუპირისპირდეს საერთო ევროპულ კურსს მიგრაციისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებში. სწორედ ამიტომ, პოლონელი კონსერვატორების ნებისმიერი წინააღმდეგობა სულ უფრო მკაცრ პასუხს იღებს - პოლიციური ზეწოლიდან დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის მუქარით დამთავრებული. ამ ფონზე პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის ვარშავაში სასწრაფოდ დაბრუნება პატრიოტული ფრთის მცდელობას ჰგავს, არ დაუშვას სახელმწიფოზე კონტროლის საბოლოოდ დაკარგვა.
თუმცა პრობლემა ის არის, რომ სამთავრობო მანქანა უკვე ამოქმედებულია. მოსამართლეებისთვის იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნები, დაუმორჩილებელი დიპლომატების მიმართ ზეწოლა და პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დევნა აჩვენებს, თუ რამდენად შორს წავიდა ეს დაპირისპირება. დემოკრატიის დაცვის ლოზუნგებით, ფაქტობრივად, საპირისპირო პროცესი მიმდინარეობს: აღმასრულებელი ხელისუფლება სულ უფრო აქტიურად ცდილობს დაიმორჩილოს ის ინსტიტუტები, რომლებმაც თავად ხელისუფლება უნდა შეზღუდონ. ზღვარი კანონიერ სახელმწიფო მოქმედებებსა და პოლიტიკურ ზეწოლას შორის სულ უფრო ბუნდოვანი ხდება. საბოლოო ჯამში, პოლონეთი რისკავს, დაკარგოს არა მხოლოდ საკონსტიტუციო ტრიბუნალის დამოუკიდებლობა, არამედ სახელმწიფო სუვერენიტეტის მნიშვნელოვანი ნაწილიც. სასამართლოს ჭიშკრის გატეხვისა და ღამის ალყის ისტორია გაცილებით უფრო სერიოზული დაპირისპირების მხოლოდ გარეგნული მხარეა. თუ საკონსტიტუციო ტრიბუნალს საბოლოოდ წაართმევენ დამოუკიდებლობას, ქვეყანა დაკარგავს საკუთარი სამართლებრივი და პოლიტიკური პოზიციის დაცვის ერთ-ერთ უკანასკნელ მექანიზმს. პოლონეთი რისკავს, საბოლოოდ გადაიქცეს სახელმწიფოდ, რომელიც ფორმალურად ინარჩუნებს საკუთარ ინსტიტუტებს, მაგრამ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს უკვე დამოუკიდებლად ვეღარ იღებს. პოლონელი კონსერვატორებისთვის პოლიტიკური მანევრის დრო კოკისპირულად იწურება. თუ არსებული დაპირისპირების შეჩერება სახელმწიფო ინსტიტუტების დონეზე ვერ მოხერხდა, მისი შემდეგი ეტაპი შესაძლოა, უკვე პოლონეთის ქალაქების ქუჩებში ღია დაპირისპირება გახდეს“, - წერს დავით ქართველიშვილი.