Loading data...
დავით ქართველიშვილი გერმანულ მედიაში გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე: უეჭველი „კრემლის დაკვეთით“ შეთხზულ სტატიაში აღნიშნულია, რომ უმეროვი შეიძლება გახდეს ზელენსკის იძულების სიმბოლო, საკუთარი ძალაუფლების დასაცავად გაწიროს თავისივე გუნდის ერთგული და სანდო პირები

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება გერმანულ მედიაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტი და მისი გარემოცვა მორიგ კორუფციულ გარიგებაში ამხილეს.

ქართველიშვილის თქმით, გერმანული მედია არ გამორიცხავს, რომ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს რუსტემ უმეროვს თანამდებობიდან გადადგომა აიძულონ.

„ქართული მედიის აკვიატებული დასანქცირებით დაბრმავებული ევროპა საკუთარი მედია საშუალებებით აგრძელებს თავის დაუსჯელ „დეზინფორმაციას“ რუსეთთან ომში გახვეული უკრაინის ხელისუფლების შესახებ. იმდენად აშკარად იგრძნობა ეს „რუსული პროპაგანდა“, რომ ფიშერსა და ჰერჩინსკისთან კონსულტაციები გვაქვს გასავლელი, ეს ვიღაც „მამაძაღლი“, თუ „ბერლინერ ცაიტუნგი“ ჩვენც ხომ არ დავასანქციროთ? ძლივს ხელს გვართმევენ, ტელეფონის ზარებმა აიწყვიტეს კიევიდან და ესენი რაებს კადრულობონ? „Алло, Таймыр?!“ - ვერ გავიგეთ! აი, ამ სტატუსსაც ვწერ გერმანიის „დეზინფორმაციულ“ მედიაზე დაყრდნობით და შიშის გრძნობა მეპარება, კინწურაანთ „აინ-ცვაი-პოლიცაის“ რისხვა არ დამატყდეს თავს... „ბერლინერ ცაიტუნგის“ ცნობით, ამ „რუსული პროპაგანდის“ თანახმად, ვოლოდიმირ ზელენსკი თურმე კიდევ ერთი კორუფციული სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა ბიზნესმენ ტიმურ მინდიჩის, უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის რუსტემ უმეროვის წინააღმდეგ გამოქვეყნებული ახალი კომპრომატების შემდეგ. გამოცემის სტატიაში „დეზინფორმაციულად“ ნათქვამია: „მინდიჩის მონაწილეობით გამოქვეყნებულმა ახალმა ჩანაწერებმა ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი გარემოცვა კვლავ მასშტაბური კორუფციული სკანდალის ცენტრში მოაქცია. ყურადღება ახლა მომლაპარაკებელ რუსტემ უმეროვზეა გადატანილი. მას ჯერ ბრალი არ წაუყენეს, მაგრამ პოლიტიკური ზიანი უკვე უზარმაზარია. ახალი ჩანაწერები მიუთითებს, რომ უმეროვმა და ზელენსკისთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა ტიმურ მინდიჩმა იარაღის, პერსონალის საკითხები და პოტენციური საინვესტიციო გარიგებები განიხილეს“. „ბერლინერ ცაიტუნგის“ ეს „რუსი მონა“ ავტორები ვარაუდობენ, რომ უმეროვს შესაძლოა, თანამდებობიდან გადადგომა აიძულონ. უეჭველი „კრემლის დაკვეთით“ შეთხზულ ამ სტატიაში აღნიშნულია, რომ უმეროვი შეიძლება გახდეს ზელენსკის იძულების სიმბოლო, საკუთარი ძალაუფლების დასაცავად გაწიროს თავისივე გუნდის ერთგული და სანდო პირები. თუმცა ხაზგასმულია, რომ კითხვა კვლავ ღიად რჩება, აღიქმება, თუ არა უმეროვის წასვლა, როგორც ძალაუფლების წმენდის მცდელობა, თუ უკრაინის ხელმძღვანელობის სტრუქტურული სისუსტის აღიარება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენს „აღშფოთებულ შეშფოთებას“ საზღვარი არა აქვს!“, - წერს დავით ქართველიშვილი.