დავით ქართველიშვილი: ჩვენი საერთო კავკასიური მოვალეობაა, არ გავებათ დაგებულ მახეებში და ვამხილოთ დაქირავებული აგენტები, რადგან კავკასიას საერთოდ არ სჭირდება, ხელახლა იომოს ასობით წლის წინ დახატული რუკებისთვის
„რა საფრთხეებს უნდა ველოდოთ იმ შემთხვევაში, თუკი სახელმწიფოები მოინდომებენ ისტორიული საზღვრების აღდგენას“, - ამ საკითხზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც ვრცელ პოსტშია აღნიშნული, პროვოკაციებისა და საგანგებო ჩარევების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული რეგიონებში, მათ შორის კავკასიაში, ახალი კონფლიქტები მივიღოთ.
„სამხრეთ კავკასიაში არ არსებობს არც ერთი სახელმწიფო, რომლის ცნობიერების სიღრმეში ერთმანეთის მიმართ ისტორიული ტერიტორიული ფანტომური პრეტენზიები არ არსებობდეს. თურქეთი პერიოდულად იხსენებს აჭარას და ახალციხეს, აზერბაიჯანი - ძველ „ალბანურ“ ქალაქს, რომელსაც დღეს ერევანი ეწოდება, ასევე საქართველოს პროვინციებს, რომელთათვისაც უცნაური სახელწოდება „ბორჩალო“ გამოიყენება, აღარაფერს ვამბობთ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე. სომხეთი ვერასოდეს შეეგუება „თავისი“ არცახის დაკარგვას და ყოველდღე ცრემლიანი თვალებით შეხედავს „თურქულ“ არარატის მთას. საქართველო კი ვერასდროს დაივიწყებს „თურქულ“ ტაო-კლარჯეთს, „აზერბაიჯანულ“ ჰერეთსა თუ „სომხურ“ ლორეს პროვინციას.
ამ ნელი მოქმედების ყველა ჩადებულ ნაღმს ათეულობით და ასეულობით წლის ისტორია აქვს. ეს ჭრილობები თითქოს ხელოვნურ მედიკამენტურ კომაშია შეყვანილი - მდგომარეობაში, რომელიც მათ სიცოცხლისუნარიანობასა და სტაბილურ მდგომარეობას უნარჩუნებს. მაგრამ ყველაფერი შეიძლება ერთ წამში შეიცვალოს, თუ გამოცდილი „ესკულაპის“ ხელი დაიწყებს სისხლმდინარე ჭრილობებსა და გაშიშვლებულ ნერვებზე ექსპერიმენტების ჩატარებას. და მაშინ საკითხი უკვე აღარ შეეხება იმას, თუ ვინ გაიხსენა პირველად შუა საუკუნეების თუ უკანასკნელი ასწლეულის რუკა. მთავარი გახდება ის, თუ ვინ მოიფიქრა პირველად სწორედ ამჟამად ისტორიული მეხსიერების თანამედროვე პოლიტიკური დეტონატორად გადაქცევა. დღეს ამ დეტონატორის ამოქმედება განსაკუთრებით სახიფათოა: სამხრეთ კავკასია იმ პერიოდში იმყოფება, როდესაც რეგიონული კავშირების მთელი სისტემა - სატრანსპორტო, ენერგეტიკული, სამხედრო და პოლიტიკური - ჩვენს თვალწინ იცვლება, ხოლო ძველი კონფლიქტები კი არსად გამქრალა. ისინი უბრალოდ ღრმად დაკონსერვებულ მდგომარეობაშია გადაყვანილი. ეს კი ნიშნავს, რომ ერთი საინფორმაციო პროვოკაცია, „სწორად შერჩეული“ ისტორიული არგუმენტი, ემოციური განცხადება ან ხელოვნურად აჟიტირებული ეთნიკური ინციდენტი საკმარისი შეიძლება აღმოჩნდეს იმისთვის, რომ გუშინდელი „მუზეუმის ექსპონატი“ დღევანდელ პოლიტიკურ პრობლემად იქცეს.
აქ ისტორია შეიძლება მეხსიერებად კი არა, იარაღად გადაიქცეს. რა თქმა უნდა, მხოლოდ ვარაუდის დონეზე ვიძახდი და განვმეორდები - ამ ყველაფერს, ასეთი ოპერაციების შესაძლო ჩატარებას, კავკასიური მენტალობის უბადლო მცოდნეს და ანთროპოლოგიის პროფესორ ბლეიზ მეტრეველს ვუკავშირებ, ადამიანს, რომელსაც ბრიტანეთის სპეცსამსახურებში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს და ამჟამად MI6-ს ხელმძღვანელობს. თუმცა, რა თქმა უნდა, საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულება იმისა, რომ სწორედ ის პირადად არის დაკავებული სამხრეთ კავკასიაში ტერიტორიული წინააღმდეგობების გამწვავებით, არ არსებობს და არც შეიძლება რომ მოიპოვებოდეს. მაგრამ თანამედროვე დაზვერვის ლოგიკა მხოლოდ კლასიკური ინფორმაციის შეგროვებით დიდი ხანია აღარ შემოიფარგლება. ადამიანის ქცევის, ისტორიული მეხსიერების, ოჯახური და ეთნიკური კავშირების ცოდნა მართლაც წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს სპეცსამსახურების მუშაობაში. ჩვენი საერთო კავკასიური მოვალეობა და პასუხისმგებლობა მომავალი თაობების წინაშე, განსაკუთრებით კაცობრიობის გეოპოლიტიკური განვითარების ამ ფეთქებადსაშიშ მონაკვეთში, არის ის, რომ არ გავებათ დაგებულ მახეებში და ხმამაღლა ვამხილოთ პროვოკატორები და დაქირავებული აგენტები ნებისმიერი მხრიდან. რადგან კავკასიას საერთოდ არ სჭირდება, ხელახლა იომოს ასობით წლის წინ დახატული რუკებისთვის. ეს მისია განეკუთვნება ღვთაებრივი სამართლიანობის აღდგენის სფეროს და ნუ შევიჭრებით უფლის განგებაში, რომლისთვის ერთი დღეც - ვითარცა ათასი წელია და ათასი წელიც - ვითარცა ერთი დღე. „ნუ თავით თჳსით შურსა ეძიებთ, საყუარელნო, არამედ ეცით ადგილ რისხვასა, რამეთუ წერილ არს: ჩემი არს შურის-გებაჲ, და მე მივაგო, იტყჳს უფალი“, - წერს დავით ქართველიშვილი.