ზურაბ აბაშიძე: ძალიან ემოციური დღეები გავიარეთ, ჩვენ დავკარგეთ ეპოქალური პიროვნება, რომლის ღვაწლიც განუზომელია ჩვენი ქვეყნის წინაშე
„ჩვენ დავკარგეთ ეპოქალური პიროვნება, რომლის ღვაწლიც განუზომელია ჩვენი ქვეყნის წინაშე“, - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ საკრებულოს სხდომაზე გააკეთა, რომელიც უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით გაიხსნა.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, უწმინდესი არა მხოლოდ ქართველი ხალხისთვის გახლდათ ეპოქალური პიროვნება, არამედ იგი მსოფლიო მასშტაბის ფიგურა იყო. ზურაბ აბაშიძის თქმით, საოცრად ამაღელვებელი სანახავი იყო, თუ როგორ მოდიოდა ზღვა ხალხი უწმინდესთან გამოსამშვიდობებლად.
„დღეს პირველი სხდომა ტარდება საკრებულოში, მას შემდეგ, რაც ჩვენმა პატრიარქმა დაგვტოვა. ძალიან ემოციური დღეები გავიარეთ. ჩვენ ვნახეთ თუ რამდენი ადამიანი იყო მოსული სამების საკათედრო ტაძარში მის უწმინდესობასთან გამოსამშვიდობებლად. იგი არა მხოლოდ ჩვენთვის იყო ეპოქალური პიროვნება, არამედ მსოფლიო მასშტაბის ფიგურა გახლდათ. ჩვენ მადლობლები ვართ, რომ მის ეპოქაში მოგვიწია ცხოვრება. საუკუნოდ იქნება ჩვენი პატრიარქის ხსოვნა“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.