ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა
ფესტივალის სექციაში Venice Spotlight, 9 სექტემბერს, რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმის - „გურია“ მსოფლიო პრემიერა გაიმართება. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, წელს სექციისთვის მხოლოდ 8 ფილმია შერჩეული.
„ვენეციის 83-ე კინოფესტივალი განსაკუთრებული აღმოჩნდა ქართული კინოსთვის, იმდენად, რამდენადაც სწორედ აქ გაიმართება ლევან კოღუაშვილის ახალი ფილმის - „გურია“ მსოფლიო პრემიერა.
საპრემიერო ჩვენების გარდა, დაგეგმილია ქართული მიღება, სპეციალური ჩვენება პრესისთვის და ფილმისა და ქვეყნის პოპულარიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები, რომლებიც სახელმწიფოს მხარდაჭერით იმართება.
აღსანიშნავია ისიც, რომ დიდი მოლოდინი გვაქვს უცხოელი კინოკრიტიკოსების გამოხმაურებასთან დაკავშირებით, რადგან მსოფლიოს წამყვან გამოცემებში რამდენჯერმე უკვე გაჟღერდა ფილმზე ინფორმაცია. ამასთანავე, ერთ-ერთმა დიდმა ფრანგულმა კომპანიამ ფილმის საერთაშორისო გაყიდვები საკუთარ თავზე აიღო.
ვფიქრობთ, რომ ლევან კოღუაშვილის ნამუშევარი საკმაოდ კარგ გამოხმაურებას დაიმსახურებს, რადგან თამამად შეიძლება ითქვას, რომ „გურია“ ღირსეულად აგრძელებს ქართული კინოს ტრადიციას“, - განაცხადა ეროვნული კინოცენტრის პროგრამების დირექტორმა ლევან დვალმა.
ფილმი საქართველოს კულტურის სამინისტროს, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, „შემოქმედებითი საქართველოს“, საზოგადოებრივი მაუწყებლის და სახელმწიფო პროგრამის ,,გადაიღე საქართველოში“ მხარდაჭერით არის გადაღებული. „გურია“ შვიდი ქვეყნის (საქართველო, შვეიცარია, ლუქსემბურგი, ბულგარეთი, ნორვეგია, თურქეთი, საუდის არაბეთი) კოპროდუქციაა. ფილმის სცენარის ავტორები ბორის ფრუმინი, ლევან კოღუაშვილი და გიორგი კეკელიძე არიან.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ლევან კოღუაშვილის ფილმს, ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე - „ოსკარი“ საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში საქართველოს კანდიდატ ფილმად წარადგენს.