Loading data...
ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებების ფარგლებში, დარგის რეგულირების ახალ მექანიზმებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საკანონმდებლო ცვლილებების პრაქტიკული იმპლემენტაციის საკითხებს, მათ შორის სამეწარმეო ვენახების გაშენების რეგულირების ახალ მიდგომებსა და დარგში ხარისხის კონტროლის გაძლიერების მექანიზმებს.

შეხვედრაზე კომპლექსურად იქნა განხილული ახლად გასაშენებელი სავენახე ფართობების ადგილმდებარეობის, ნიადაგის თავისებურებებისა და ვაზის ნამყენი ნერგის ხარისხობრივი მახასიათებლების სწორად შერჩევასთან დაკავშირებული და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. აღინიშნა, რომ დარგის მდგრადი განვითარებისათვის
კრიტიკულად მნიშვნელოვანია ვაზის ჯანსაღი ნამყენი ნერგის გამოყენება, რაც გულისხმობს ჯიშური სიწმინდის დაცვასა და ფიტოსანიტარულ სისუფთავეს.

ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი როლი ეკისრება სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს, რომელიც პასუხისმგებელია ვაზის სარგავი მასალის შეფასებასა და სერტიფიცირებაზე. ცენტრის საქმიანობა მოიცავს ვაზის ნამყენი ნერგის ჯიშური იდენტობის, სიჯანსაღის მდგომარეობისა და მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენას, რაც წარმოადგენს ხარისხიანი ვენახის გაშენების ერთ-ერთ ძირითად წინაპირობას.

აღნიშნული რეგულაციები ხელს შეუწყობს ახალი სამეწარმეო ვენახების სწორად გაშენებას, რაც უზრუნველყოფს ხარისხიანი ყურძნის მიღებასა და შესაბამისად ღვინის ხარისხის გაუმჯობესებას.

კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2026 წლის 1-ელი მაისიდან სამეწარმეო ვენახის გაშენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე. აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება ყველა იმ სუბიექტზე, რომელიც ვენახის გაშენებას კომერციული მიზნებისთვის გეგმავს.