ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განახლება აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ ამირანაშვილთან ერთად, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-განახლების სამუშაოები დაათვალიერა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა ცენტრისა და მის მიმდებარედ არსებული სასტუმროს ტიპის ნომრების რეაბილიტაცია, 17 ბუნგალოს სარემონტო და ტახისწყლის სარეინჯერო კომპლექსის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს; შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ვიზიტორთა მომსახურების ხარისხი და რეინჯერთა სამუშაო პირობები.
დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის ვიზიტორთა მომსახურების ხარისხის ამაღლება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიზნით, სააგენტო აქტიურად ახორციელებს ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებას სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე, მათ შორის ვაშლოვანში, რომელიც თავისი უნიკალური ლანდშაფტებითა და ბიომრავალფეროვნებით განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ვიზიტორებს შორის.
აღსანიშნავია, რომ ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარე წელს დასრულდა საინფორმაციო და საინტერპრეტაციო დაფების, მიმართულების და საგზაო მანიშნებლების განახლება.
ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები გამოირჩევა ლანდშაფტის მრავალფეროვნებით - აქ ერთ სივრცეში გვხვდება ნახევარუდაბნო, სტეპი, არიდული და ჭალის ტყეები, ალესილები, მდელოები და ფართოფოთლოვანი ტყეები, რაც მას საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ ბუნებრივ საგანძურად აქცევს.