Loading data...
მაკრონმა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრად კვლავ სებასტიან ლეკორნიუ დანიშნა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კვლავ სებასტიან ლეკორნიუ დანიშნა, რომელიც ამ თანამდებობიდან 4 დღის წინ გადადგა. მაკრონმა ლეკორნიუს საფრანგეთის მთავრობის ფორმირება დაავალა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

სებასტიან ლეკორნიუ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი პარლამენტთან ვერ შეათანხმა.

„მე ვიღებ ამ მისიას, რაც მე რესპუბლიკის პრეზიდენტმა დამავალა. ყველაფერს ვიღონებ, რათა წლის ბოლომდე საფრანგეთს მომავალი წლის ბიუჯეტი ჰქონდეს და პასუხი გავცე ჩვენი თანამემამულეების ყოველდღიურ პრობლემებს“, - დაწერა ლეკორნიუმ X-ში პრემიერად ხელმეორედ დანიშვნის შემდეგ.

მისი თქმით, აუცილებელია ამ პოლიტიკური კრიზისის დასრულება, რომელიც საფრანგეთის იმიჯს და მის ინტერესებს აზიანებს. 

საფრანგეთში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე აშშ-ის სარეიტინგო სააგენტომ Fitch-მა დაახლოებით 1 თვის წინ საფრანგეთის საკრედიტო რეიტინგი AA- -დან A+ -მდე შეამცირა. ეს ყველაზე ცუდი შეფასებაა ქვეყნის ისტორიაში. ამჟამად საფრანგეთის სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 115%-ს უდრის. ეს ევროზონაში სიდიდით მესამე სახელმწიფო ვალია საბერძნეთისა და იტალიის შემდეგ.