ვაკის რაიონში ამხანაგობებს 349 სარეაბილიტაციო პროექტი დაუფინანსდა
ვაკის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობას განაგრძობს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე, არსებული ბიუჯეტის ფარგლებში, ამხანაგობების განაცხადების საფუძველზე, 349 სარეაბილიტაციო პროექტი დაფინანსდა. აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად, დაახლოებით, 10 900 000 ლარი გამოიყო.
კერძოდ, სამუშაოების ჩამონათვალშია წყალარინების შიდა ქსელის, სადარბაზოს საერთო სარგებლობის კიბეების, ლიფტების, სახურავებისა და წყალსაწრეტი მილების, კარების, ასევე, კორპუსების სართულშუა ნაპრალების განახლება.
კანონმდებლობით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ერთობლივად მართვა მესაკუთრეებს ეკისრებათ. გადაწყვეტილებები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ამხანაგობის ყველა წევრის ჩართულობით მიიღება.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის წესის თანახმად, გამგეობის მიერ სამუშაოების განხორციელებისას, პროექტების ღირებულების 5-10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება.
ამხანაგობა ვალდებულია, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა განახორციელოს.