Loading data...
თსუ-ში კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული საიუბილეო ალბომის - „ივანე ჯავახიშვილის სახე ქართულ სახვით ხელოვნებასა და პოეზიაში“ - წარდგენა გაიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული საიუბილეო ალბომის - „ივანე ჯავახიშვილის სახე ქართულ სახვით ხელოვნებასა და პოეზიაში“ - წარდგენა გაიმართა. ინფორმაციას კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 

საიუბილეო ალბომის წარდგენის ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა დაესწრო.

ალბომი ივანე ჯავახიშვილის დაბადების 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოიცა. მასში თავმოყრილია სხვადასხვა მუზეუმსა, თუ კერძო კოლექციაში დაცული უდიდესი მოღვაწისადმი მიძღვნილი ხელოვნების ნიმუშები: ფერწერული ტილოები, გრაფიკული ნამუშევრები და ქანდაკებები, ასევე, ქართველი პოეტების ლექსები.

„ივანე ჯავახიშვილის იუბილესთან დაკავშირებით გამოცემული ალბომი განსაკუთრებულია სწორედ იმით, რომ მასში მეცნიერისა და ისტორიკოსის სახე წარმოდგენილია არა მხოლოდ დოკუმენტური და სამეცნიერო მასალით, არამედ ხელოვნებისა და პოეზიის საშუალებითაც. ჩემთვის ეს ალბომი ერთდროულად არის ისტორიის, მეცნიერების, ხელოვნებისა და ლიტერატურის შეხვედრის ადგილი. საქართველოს კულტურის სამინისტრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც ჩვენი ქვეყნის კულტურული და ინტელექტუალური მემკვიდრეობის წარმოჩენას, დაცვასა და მომავალი თაობებისთვის გადაცემას ემსახურება“, - განაცხადა საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილემ ნათია შამათავამ.

ალბომის - „ივანე ჯავახიშვილის სახე ქართულ სახვით ხელოვნებასა და პოეზიაში“ - შემდგენლები არიან ირინე აბესაძე და ზურაბ გაიპარაშვილი. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით წიგნი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, საქართველოს კულტურის სამინისტროს, პარლამენტის კულტურისა და განათლების კომიტეტების, უნივერსიტეტის აკადემიური წრეების წარმომადგენლები, თბილისის საკრებულოს წევრები, სტუდენტები. საპატიო სტუმრები იყვნენ ივანე ჯავახიშვილის შთამომავლები.