თოთლაძე ტაილანდში ჩარჩენილ საქართველოს მოქალაქეებზე: მაქსიმალურად ვთავაზობთ მიმართულებებს, საიდან შეიძლება უსაფრთხოდ დაბრუნდნენ ქვეყანაში
„მაქსიმალურად ვთავაზობთ მიმართულებებს, საიდან შეიძლება უსაფრთხოდ დაბრუნდნენ ქვეყანაში“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ, ტაილანდში ჩარჩენილ საქართველოს მოქალაქეებზე საუბრისას განაცხადა.
„რაც შეეხება ტაილანდში ე.წ. ჩარჩენილ მოქალაქეებს, რომლებსაც გარკვეული შეფერხება შეექმნათ ავიარეისების გადადების ან გაუქმების გამო, ვინაიდან მათ ჰქონდათ დაგეგმილი უკან დაბრუნება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების საჰაერო სივრცეების გამოყენებით, უსაფრთხოების რისკები, სადაც მაღალია, სადაც არის გარკვეული დაძაბულობა და ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ ახლო აღმოსავლეთზე, სადაც შეიძლება, რომ ჩვენს მოქალაქეებს შეექმნათ გარკვეული საფრთხე, ბუნებრივია, რომ აქ სახელმწიფო უფრო მეტი პასუხისმგებლობით უდგება დამოკიდებულებას თავისი მოქალაქეების მიმართ, იქ იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენი მოქალაქეები იმყოფებიან, ამ შემთხვევაში ტაილანდში, უსაფრთხოების რისკი არ არსებობს.
ის ქვეყნები, სადაც საჰაერო სივრცე გახსნილია და სადაც არსებობს უამრავი სხვა შესაძლებლობა მათი უკან დაბრუნების, რა თქმა უნდა, ეს არის თავიდან ბოლომდე დამოკიდებული ავიაკომპანიებზე, ტურისტულ სააგენტოებზე, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ, ადვოკატირებას ვუწევთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ მათი უფლებები იყოს დაცული და მაქსიმალურად ვთავაზობთ მიმართულებებს საიდან შეიძლება, რომ ისინი უსაფრთხოდ დაბრუნდნენ ქვეყანაში“, - აღნიშნავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.