Loading data...
„ტექნოლოგიური კვირეული 2025“-ის დახურვის ღონისძიება გაიმართა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში პროექტ „ტექნოლოგიური კვირეული 2025“-ის დახურვის ღონისძიება გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრ ალიონა ჩხოტუასთან ერთად დაესწრო.

ღონისძიების მონაწილე ახალგაზრდებს სიტყვით აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა მიმართეს, რომელთაც ახალგაზრდებთან ტექნოლოგიური ინოვაციების შესწავლის ხელშეწყობასა და ამ მიმართულებით სხვადასხვა პროექტის განხორციელებაზე ისაუბრეს.

„მოხარული ვარ, რომ ასეთი კარგი და მიზანზე ორიენტირებული პროექტი გამოვიდა. სამომავლოდ აფხაზეთის მთავრობა კვლავ აქტიურად გააგრძელებს ჩვენი დევნილი ახალგაზრდების მხარდაჭერას, რათა მათ შეიძინონ ის მნიშვნელოვანი უნარები, რაც ტექნოლოგიური მიმართულებით განვითარებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
შეხვედრის მონაწილეებმა ახალგაზრდების კითხვებს უპასუხეს და „ტექნოლოგიური კვირეულის“ მონაწილეები სერტიფიკატებით დააჯილდოვეს.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ტექნოლოგიური კვირეულის ფარგლებში, 5 დღის განმავლობაში, აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები გაეცნენ თანამედროვე ინოვაციებს, გაიღრმავეს ცოდნა ტექნოლოგიების მიმართულებით და მონაწილეობა მიიღეს თემატურ დისკუსიებში.

პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.