თეიმურაზ გამცემლიძემ სამცხე-ჯავახეთში სამუშაო შეხვედრა გამართა
კულტურის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ გამცემლიძემ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა თეა ონიანმა და გენერალური დირექტორის მოადგილე ნუგზარ ჩხეიძემ, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, მხარის რწმუნებულ ზაალ გელაშვილთან, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან და არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, თეა ონიანმა დამსწრე საზოგადოებას სააგენტოს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
მან დეტალურად მიმოიხილა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმდებარე არეალში მშენებლობის კუთხით მოქმედი, კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები; ასევე, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს განუმარტა, თუ რა ქმედებები უნდა განხორციელდეს სხვადასხვა სამუშაოს დროს არქეოლოგიური ობიექტის აღმოჩენის შემთხვევაში.
თეა ონიანმა ისაუბრა ნებართვების ახალ პორტალზე - ches.gov.ge-ზ ე და ხაზი გაუსვა ეფექტიანი თანამშრომლობისთვის მის მნიშვნელობას.
შეხვედრისას ისაუბრეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლის, შენახვისა და რეაბილიტაციის პროცესში ერთობლივი ღონისძიებების აუცილებლობაზე; ყურადღება გამახვილდა ნებართვების გაცემის კუთხით ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე.